ვენსი ტრამპისგან დისტანცირებას იწყებს. ანალიტიკოსების შეფასებით, იგი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

17:37, 07.11.2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში, სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრება. 2026 წლის 28 ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში, სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრება. 2026 წლის 28 ივლისი

რესპუბლიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს ვაშინგტონში დიდი ხმაური გამოიწვია იმით, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში თავისი პარტიის მარცხის მიზეზად პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ირანთან ომი დაასახელა. მედია და ანალიტიკოსები მის ამ ნაბიჯს არაპოპულარულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დისტანცირების მცდელობად აფასებენ. მათი შეფასებით, ვენსი ამ გზით 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ამზადებს ნიადაგს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, უკვე ნათელია, რომ დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს. ამასთან, ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენად მიჩნეულ შტატებშიც კი მათ მნიშვნელოვანი წარმატება მიაღწიეს. მაგალითად, დემოკრატების კანდიდატებმა სენატის არჩევნებში გაიმარჯვეს ტეხასსა და სამხრეთ კაროლინაში.

არჩევნებში განცდილ მარცხზე სოციალურ ქსელ X-ში საუბრისას, ვენსმა ეს წარუმატებლობა, უპირველეს ყოვლისა, ირანთან ომს დაუკავშირა. ეს ომი მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში წამოიწყეს, რომელშიც ვენსს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია.

„თუ თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სენატზე კონტროლის დაკარგვა მისაღები ფასი იყო, მაშინ თქვით ეს. დაიცავით პოზიცია, რომ ეს ამად ღირდა. მაგრამ ყველამ იცის, რატომ დავმარცხდით. ამიტომ, ნებისმიერი გულწრფელი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს“, – დაწერა ვენსმა X პლატფორმაზე.

ირანის ომის მიმართ ვენსის დამოკიდებულება ვაშინგტონში დიდი ხანია საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს. მედიის ცნობით, სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით ვიცე-პრეზიდენტი პირად საუბრებში ეჭვებს გამოთქვამდა, თუმცა საჯაროდ აქამდე ტრამპის მიდგომას ყოველთვის მხარს უჭერდა. ორ პოლიტიკოსს შორის არსებული უთანხმოება საჯარო განხილვის საგანი არასდროს გამხდარა… ოთხშაბათამდე.

ვენსის განცხადებას BBC-მ „არაჩვეულებრივი და უპრეცედენტო“ უწოდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ძნელია აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ისეთი მომენტის გახსენება, როდესაც საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ასე მკვეთრად გააკრიტიკა.

ტრამპისგან დისტანცირების მცდელობა

გასაკვირი აღმოჩნდა თავად პრეზიდენტის რეაქციაც. ტრამპმა, რომელიც თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან, როგორც წესი, ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ვენსის შეფასება გაიზიარა და აღიარა, რომ ომმა შუალედური არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებას არ ნანობს და მსგავს ვითარებაში კვლავ იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები ტრადიციულად კონსერვატიულ შტატებშიც კი დამარცხდნენ, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს, არჩევნების შედეგები მისი პრეზიდენტობით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

ტრამპის პოპულარობა კვლავ დაბალ ნიშნულზეა. CNN-ის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობაზე მის საქმიანობას ოქტომბერში რესპონდენტთა მხოლოდ დაახლოებით 34 პროცენტი იწონებდა.

„ვენსის განცხადება ტრამპისგან დისტანცირების მცდელობას ჰგავდა“, – განუცხადა BBC-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, დანიელ ბაიმანმა. მისი თქმით, თუ ვენსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას მოუწევს, ტრამპისგან გამიჯვნის მცდელობა ისე დააბალანსოს, რომ მისი მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშიც გამოჩნდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, თავისი პოსტის ტექსტი, გამოქვეყნებამდე, ვენსმა პრეზიდენტს აჩვენა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო. ამ პოსტში ვენსს ტრამპის სახელი პირდაპირ არ უხსენებია, თავისი არგუმენტების ნაწილი კი საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ სპეციალისტების დასკვნებზე დააფუძნა, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებია.

CNN-ის ანალიტიკოსმა, სტეფან კოლინსონმა ვენსის გამოსვლა შეაფასა, როგორც 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ეფექტური დასაწყისი. მისი აზრით, ვიცე-პრეზიდენტმა საჯაროდ დაიწყო იმ პოლიტიკური პოზიციის ძიება, რაც მას საშუალებას მისცემს, ტრამპის შემდეგ რესპუბლიკური მოძრაობის ლიდერი გახდეს.

ირანთან ომის კრიტიკის გარდა, ვენსმა ის ნაბიჯებიც წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებში დამარცხებულ ამომრჩევლებთან ჩატარებული გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარეობს და პარტიას ტრამპის გაწბილებული ამომრჩევლების დაბრუნებაში დაეხმარება. ეს ნაბიჯები ითვალისწინებს ომის დასრულებას, ცხოვრების გაძვირებასა და ინფლაციის პრობლემებზე მეტი ყურადღების გამახვილებას და შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გადახედვას.

ტრამპს ჯერ არავისთვის დაუჭერია მხარი

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წელია. ვენსს თავისი კანდიდატურა ოფიციალურად არ წამოუყენებია, თუმცა BBC-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ ის, რესპუბლიკური პარტიის სახელით, საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოლებს.

ტრამპს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე კონკრეტული პირისთვის მხარდაჭერა საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებია. ივლისში მან ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს „იდეალური წყვილი“ უწოდა. თუმცა, „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აგვისტოში მან დონორებს კერძო საუბრებში განუცხადა, რომ არჩევანი ვენსზე უნდა გაკეთდეს.

ოთხშაბათს კი ტრამპმა მიანიშნა, რომ ვენსმა, შესაძლოა, საერთოდ არ იბრძოლოს თეთრი სახლისთვის. „შეიძლება მან კენჭი არ იყაროს. არ ვიცი, ვინ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის,“ – აღნიშნა მან. მისმა ამ განცხადებამ კვლავ ღიად დატოვა საკითხი იმის შესახებ, თუ ვის სურს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ იხილოს.

BBC-მ ასევე წერს, რომ ვენსის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე ტრამპის დათანხმება, შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ განსხვავებულ შეხედულებებს ის დიდხანს მოითმენს. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა აზრი შეიცვალოს და მიანიშნოს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ან მისი გუნდის სხვა წევრების მხრიდან განსხვავებული პოზიციის გამოხატვა დაუშვებელია.

რუბიოს, რომელიც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვენსის სავარაუდო მეტოქედ მიიჩნევა, 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. მისი მდგომარეობაც ანალოგიურად რთულია – ისიც, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის რანგში, იმ ადმინისტრაციის ნაწილია, რომელმაც ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

ვენსი არ ჩქარობს

ვენსის მხარდამჭერები მტკიცებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი თავისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს და ამას, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე არ გააკეთებს. მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია – უნდა დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ცვლილებების შეთავაზება შეუძლია. თანაც, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ დაკარგოს ტრამპის მხარდაჭერა, რომელიც რესპუბლიკელებში ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში მარცხის შემდეგ, ვენსი „2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას ემშვიდობება“. წყარომ ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ არსებობს საფრთხე, რესპუბლიკურ პარტიაში შიდა უთანხმოებები გაღრმავდეს, სხვადასხვა ჯგუფს შორის ერთიანობა დაირღვეს და პარტია რამდენიმე დაპირისპირებულ ბანაკად დაიყოს.

მიმომხილველმა კიტ ედვარდსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა არცერთ სავარაუდო კანდიდატს წარმატების შანსი არ აქვს. „მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი ბოლო თაობის ყველაზე არაპოპულარულ მთავრობასთან ასოცირდებიან. ისინი პრეზიდენტები ვერასდროს გახდებიან,“ – დარწმუნებულია ის.

ვენსის პოლიტიკური მომავალი გაურკვეველი რჩება. მისი ოთხშაბათის გამოსვლა, შესაძლოა, რესპუბლიკურ მოძრაობაში ლიდერობის მოპოვებისა და საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის ნიადაგის შემზადების მცდელობის დასაწყისი იყოს.

თუმცა, მისთვის მთავარ დაბრკოლებად რჩება ის ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან მარტივად გამიჯვნა არ შეუძლია. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ის იზიარებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის – ირანთან ომის დაწყებაზეც, რომელსაც მისი პარტიის შუალედურ არჩევნებში განცდილი მარცხის მთავარ მიზეზად თავადვე ასახელებს.

სტატიის ავტორი: ადამ ვრუბელი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: ალექს ვრობლევსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი, 2026 წელი, 16:36 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი