ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო – აშშ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2027 წელს გვთავაზობს
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, აშშ-მა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2027 წელს შესთავაზა.
მაჩადომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რადგან მათი ხედვის, გამბედაობისა და 3 იანვარს განხორციელებული მოქმედებების შედეგად თავისუფლებისკენ გზა გაიხსნა. ეს ვენესუელას საშუალებას მისცემს, დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ გადადგას ნაბიჯები და ჩვენი ქვეყანა რეგიონში შეერთებული შტატების ყველაზე დიდ მოკავშირედ აქციოს“,- განაცხადა მაჩადომ.
მისი თქმით, ვენესუელაში ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ტრამპის მიერ წარდგენილი სამეტაპიანი გეგმა წინ მიიწევს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განსაზღვრა მოვლენების თანმიმდევრობა, რომლის მიზანიც დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდზე გადასვლაა. ამ გეგმის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს გაიმართება“,- აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.