ვენესუელაში ოპოზიციამ არჩევნების სამწლიანი ბოიკოტი შეწყვიტა
ვენესუელაში ოპოზიციამ არჩევნების სამწლიანი ბოიკოტი შეწყვიტა

ვენესუელაში ოპოზიციამ სამი წლის შემდეგ არჩევნების ბოიკოტი შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ვენესუელის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან, ნოემბერში დაგეგმილ რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში გამართული წინა არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი სამი წლის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდნენ.

შეგახსენებთ, ვენესუელის ოპოზიცია უკვე ორი წელიწადზე მეტია, ცდილობს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან ნიკოლას მადუროს გადაყენებას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოა. ამის გამო ბევრმა ოპოზიციონერმა ფიგურამ ხუან გუაიდოს, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ჰყავს აღიარებული, ტაქტიკის შეცვლა მოსთხოვა.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ნიკოლას მადურო მიესალმა.

„პოპკორნს მოვიმარაგებ და ჩემი სავარძლიდან მივადევნებ თვალს, როგორ მისცემს ხმას 21 ნოემბერს ხუან გუაიდო“, – განაცხადა მადურომ.

ამასთან, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები არ იქნება სამართლიანი, თუმცა მიუხედავად ამისა, კენჭისყრა იქნება „სასარგებლო ბრძოლის ველი“, რათა ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამართვა მოითხოვოს.