ვენესუელაში, ბრაზილიის საზღვართან არეულობის დროს სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები ბრაზილიიდან ჰუმანიტარული დახმარების გადატანას ცდილობდნენ. ამ დროს კი ვენესუელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ცეცხლი გაუხსნა.
ჰუმანიტარული დახმარების მოგროვების, შემდეგ კი მისი ვენესუელაში გადატანის მცდელობით 22 თებერვალს კოლუმბიაში, საზღვართან ახლოს კონცერტი გაიმართა, მას ოპოზიციონერი ლიდერი, ხუან გუაიდო და რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი დაესწრნენ.
ვენესუელისა და კოლუმბიის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს, ოპოზიციონერებისგან დაახლოებით 200 მეტრში კი მადუროს მხარდამჭერი წარმოდგენა შედგა. სწორედ კონცერტების შემდეგ მოხდა სამხედრო მოსამსახურეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა.
როგორც უკვე ცნობილია, ცოტა ხნის წინ ნიკოლას მადურომ ბრაზილიის საზღვარი დახურა. მიზეზი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელიც საზღვართან ახლოს არის განლაგებული. მადურო მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანით ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ინტერვენციის გამართლებას ცდილობს. ამასთან ნიკოლას მადურო უარყოფს, რომ ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისია. ახლა ის კოლუმბიასთან არსებული საზღვრის დახურვით იმუქრება.