ვენესუელაში 30 აპრილს მომხდარი ამბოხის დროს 109 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დასავლური მედია ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ რამდენიმე დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
როგორც „გარდიანი“ იუწყება, ამ დროისათვის ვენესუელას დედაქალაქში სიმშვიდეა, თუმცა ხუან გუაიდოს მხარდამჭერები პირველ მაისს მასშტაბური დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ. მასობრივი აქციების დაწყების შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა.
30 აპრილს ვენესუელაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლას მადუროს ოპონენტმა, ხუან გუაიდომ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში მან მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა. კარაკასთან ახლოს არსებულ ავიაბაზაზე ჩაწერილი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცველები აქტივისტების უკანდახევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, საღამოს კი ნიკოლას მადურომ ამბოხების დამარცხების შესახებ განაცხადა.
რაც შეეხება ხუან გუაიდოს, „სიენენის“ ცნობით, მან დედაქალაქი დატოვა. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დროისათვის უცნობია. ამის მიუხედავად, დროებითმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ვენესუელელებს დემონსტრაციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.