ვენესუელა მეზობელ სახელმწიფო გაიანასთან სადავო ტერიტორიის, ესეკიბოს მიერთებას და ახალი შტატის შექმნას გეგმავს
ვენესუელა მეზობელ სახელმწიფო გაიანასთან სადავო ტერიტორიის, ესეკიბოს მიერთებას და ახალი შტატის შექმნას გეგმავს

ვენესუელა მეზობელ სახელმწიფო გაიანასთან სადავო ტერიტორიის მიერთებას და ახალი შტატის შექმნას გეგმავს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ შედეგით დასრულდა რეფერენდუმი, რომელიც ვენესუელაში 3 დეკემბერს ჩატარდა. ვენესუელელთა 95%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შეყვანას.

ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ვენესუელას მოუწოდებდა, მეზობელ გაიანასთან სადავო ტერიტორიის სტატუს კვოს შეცვლისგან თავი შეეკავებინა.

ვენესუელის ხელისუფლებამ ჩატარებულ რეფერენდუმს „საკონსულტაციო“ უწოდა და მასში ხუთი საკითხი შეიტანა, მათ შორის იყო ახალი შტატის მიერთება და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვენესუელის პასპორტების გადაცემა. გაიანას ხელისუფლებამ ვენესუელაში ჩატარებული რეფერენდუმი „ანექსიის აგრესიულ მცდელობად“ შეაფასა.

ვენესუელაში აცხადებენ, რომ ესეკიბოს რეგიონი ვენესუელის მიერ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვენესუელის შემადგენელი ნაწილია. გაიანაში კი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთმა გადასცა.

2015 წელს, აღნიშნულ სადავო ტერიტორიაზე ნავთობის დიდი საბადოების აღმოჩენის შემდეგ ვენესუელასა და გაიანას შორის ესეკიბოს საკითხზე დაპირისპირება ახალი ძალით განახლდა. წელს, სექტემბერში გაიანას ხელისუფლებამ სადავო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის საბადოების დამუშავების ლიცენზია კომპანია „ექსონმობილს“ გადასცა, რამაც ვენესუელაში აღშფოთება გამოიწვია. საუბარი ეხება მდინარე ესეკიბოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიას, რომელიც გაიანას მთელი ფართობის ორ მესამედს შეადგენს და სადაც 283 ათასი ადამიანი ცხოვრობს.