ვენეციის ბიენალეზე რუსული პავილონის გახსნის გამო, ევროკავშირმა გამოფენას ორმილიონიანი გრანტი შეუჩერა
ევროპის განათლებისა და კულტურის საკითხთა აღმასრულებელმა სააგენტომ წერილი გაუგზავნა ვენეციის ბიენალეს ფონდს, რომლითაც აცნობა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ ორი მილიონი ევროს ოდენობის სამწლიან გრანტს აჩერებს.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ტომა რენიემ განაცხადა.
„ნება მომეცით, დავადასტურო, რომ ვენეციის ბიენალეს ფონდს გაუგზავნეს წერილი, რათა შეატყობინონ ჩვენი განზრახვის შესახებ, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ მოქმედი გრანტი ორი მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა რენიემ.
მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი „მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ ბიენალეს ფონდმა გამოეფანზე დაუშვა რუსეთის პავილიონის ხელახლა გახსნა“.
„ამ კონტექსტში არსებობს მხოლოდ ერთი მოქმედი გრანტი ორი მილიონი ევრო მომდევნო სამი წლისთვის და სწორედ მისი შეწყვეტა ან შეჩერებაა ჩვენი განზრახვა“, – თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ამ ეტაპზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არცერთი ევრო არ არის გადარიცხული“.
ცნობისთვის, უკრაინამ იტალიას სთხოვა, არ გასცეს ვიზები ვენეციის ბიენალეს მონაწილე რუსი წარმომადგენლებისთვის.
ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა, რომ რუსეთს არ მისცენ ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის უფლება.