კანის კინოფესტივალის ფარგლებში ქართულ-შვედური ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება
კანის კინოფესტივალის ფარგლებში ქართულ-შვედური ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება

კანის 72-ე კინოფესტივალის ფარგლებში ქართულ-შვედური ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Dance) პრემიერა გაიმართება.

ფილმი, რომლის რეჟისორია შვედეთში დაბადებული, წარმოშობით ქართველი ლევან აკინი, ორი ქართველი მოცეკვავე მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

ფილმის შესახებ სტატიასა და ფილმის ტრეილერს ცნობილი გამოცემა „ინდაივაირი“ (IndieWire) აქვეყნებს.

როგორც ფილმის ავტორი ლევან აკინი წერს, ფილმის სცენარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შთააგონა.

„ამ ფილმით მე, როგორც რეჟისორი, ჩემს ფესვებს ვუბრუნდები. ფილმზე გავლენა იქონია ადამიანების რეალურმა ცხოვრებამ და იმან, თუ რა ხდება ამჟამად საქართველოში“, – წერს რეჟისორი.

„ის ლგბტ+ ადამიანებისა და მათი ბრძოლის ისტორიას აჩვენებს უფრო ახლო კუთხით და ასევე ფართო მასშტაბით საქართველოში დღეს შექმნილ სიტუაციას“, – აღნიშნა აკინმა.

როგორც გამოცემა წერს, ქართველ მოცეკვავეებთან ინტევრიუს დროს ლევან აკინმა დაინახა, რომ გენდერისა და სექსუალური იდენტობის საკითხი საქართველოს კონსერვატიულ რელიგიურ კულტურაში კონფლიქტის მიზეზს წარმოადგენს.

„როდესაც მე გავხდი თვითმხილველი, თუ როგორ დაესხა თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული, ათასობით ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი რამდენიმე მამაც ბავშვს, რომელიც თბილისში 2013 წელს პრაიდის ჩატარებას ცდილობდა, ვიგრძენი საჭიროება, რამე გზით რეაგირება მომეხდინა ამ საკითხზე“, – აღნიშნავს ფილმის ავტორი.

„და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული და შვედური კომპანიების კოპროდუქციაა. ეს ლევან აკინის მესამე ნამუშევარია. მისი პირველი ფილმის პრემიერა 2012 წელს ტრაიბეკას კინოფესტივალზე გაიმართა.