ტურისტებს, რომლებიც ვენეციაში ღამით დარჩენას არ აპირებენ, თანხის გადახდა მოუწევთ
ტურისტებს, რომლებიც ვენეციაში ღამით დარჩენას არ აპირებენ, თანხის გადახდა მოუწევთ

ვენეციაში შესვლა ტურისტებისთვის, რომლებიც ქალაქში ღამით არ რჩებიან, ფასიანი გახდება. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ვენეციის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა ახალი გადასახადი ტურისტებისთვის, რომლებიც ქალაქში მოკლე ვადით ჩადიან.

ახალი გადასახადისგან მოგროვებული თანხა ქალაქის ისტორიული ცენტრის კეთილმოწყობას მომხარდება, კერძოდ ნაგვის მოგროვებასა და ტერიტორიის დალაგებას.

ვენეციაში შესვლის გადასახადი 2019 წლის ბოლომდე 3 ევრო იქნება, მომავალ წელს კი, ეს თანხა გაორმაგდება. იმ დღეებში, როდესაც ქალაქში ტურისტების დიდი ნაკადი იქნება მოსალოდნელი, გადასახადმა შესაძლოა, 10 ევრო შეადგინოს.

გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის პირები, ვინც დაიბადა, ცხოვრობს ან სწავლობს ვენეციაში, 6 წლამდე ასაკის ბავშვები და ის ადამიანები, ვინც ქალაქში ნათესავებთან ჩადიან. გადასახადებისგან გათავისუფლდებიან ასევე ის ტურისტები, რომლებსაც გადახდილი აქვთ ვენეციაში სასტუმროსა ან ჰოსტელის ღირებულება.

გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ტურისტს 450 ევრომდე ჯარიმა ელის. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის ამოქმედდება ახალი სისტემა, თუმცა თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გადასახადის დაწესება 1-ელი მაისიდან იგეგმება.