ვენაში ათასობით დემონსტრანტმა შეზღუდვები გააპროტესტა
ვენაში ათასობით დემონსტრანტმა შეზღუდვები გააპროტესტა

ვენაში ათასობით ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

ქალაქში გამოსვლები ქვეყნის მთავრობის მიერ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მოჰყვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრანტები, რომელთა დიდი ნაწილი აქციაზე ნიღბების გარეშე იმყოფებოდა, სკანდირებდნენ – „კურცი უნდა წავიდეს“. შესაბამისი განცხადებები იყო მათ პლაკატებზეც. მსვლელობა ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში გაიმართა.

ავსტრიაში, სადაც 8.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კარანტინი უკვე მესამედ არის დაწესებული. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ პირველადი საჭიროების მაღაზიები ფუნქციონირებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 390 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიამ თითქმის შვიდი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯანდაცვის ექსპერტებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია იმისთვის, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა განიხილებოდეს. ქვეყნის მთავრობა სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სავარაუდოდ 17 იანვარს გამოაცხადებს.