ვენაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომები გამოუვლინდათ
ვენაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომები გამოუვლინდათ

აშშ-ის ხელისუფლება ავსტრიაში ამერიკის საელჩოში იკვლევს ინფორმაციას ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომების შესახებ. საელჩოს თანამშრომლები თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და სმენის პრობლემებს უჩივიან. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სიმპტომები, რომლებსაც ჯერჯერობით ზუსტი ახსნა ვერ მოუძებნეს, საელჩოს სულ მცირე 20 თანამშრომელს აღენიშნება.

მსგავსი სიმპტომები პირველად ამერიკელ დიპლომატებს კუნძულ კუბაზე გამოუვლინდათ 2016-2017 წლებში. ისინი სმენის დაკარგვას, ძლიერ თავის ტკივილს, წონასწორობის დაკარგვასა და კოგნიტურ დაქვეითებას უჩიოდნენ. მსგავსი სიმპტომების შესახებ მოგვიანებით ჩინეთში, რუსეთში, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყენაში მყოფმა დიპლომატებმაც განაცხადეს.

2018 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ჰიპოთეზა მიკროტალღური გამოსხივების შესახებ, რომლის უკან შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ (NASEM) რადიოსიხშირული გამოსხივების ვერსია წამოაყენა. დაავადების შესახებ გამოთქმულია სხვა ვერსიებიც, რომელთა შორის მასიური ფსიქოგენური დაავადებაც არის დასახელებული.