ველით ცვლილებებს ხარისხსა და შემადგენლობაში - ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე #1TVSPORT
ველით ცვლილებებს ხარისხსა და შემადგენლობაში - ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფის მე-5 ტურში ბადახოსისესტადიო ნუევო ვივეროზე“ ესპანეთს შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდი კოსოვოსთან მტკივნეული მარცხის (0:1) შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რეაბილიტაციას შეეცდება. 

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ესპანეთში არსებული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება, რაც მასპინძელი სტადიონის ტევადობის 60 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბადახოსში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. სამწუხაროდ, გუნდს სამი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა – ტრავმის გამო „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ ჩვენი გუნდის შეტევების მთავარ შემოქმედს, ხვიჩა კვარაცხელიას, ნახევარდაცვაში ყველაზე შემოქმედებით ოთარ კიტეიშვილს და მარჯვენა ფლანგზე ტემპის მიმცემ საბა ლობჟანიძეს.

ცხადია, შემადგენლობაში ცვლილება იქნება, რადგან კოსოვოსთან ნათამაშებმა თერთმეტეულმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.

 

მინუს მორენო

ესპანეთის ნაკრებისგან გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩში მხოლოდ მოგებას მოითხოვენ. მათმა გუნდმა მე-4 ტურში შვედეთთან 1:2 წააგო და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამით ესპანეთმა მდგომარეობა გაირთულა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს.

ცხადია, ეს ამბიციური ესპანელი ფანებისთვის მიუღებელი შედეგია. ამიტომ საქართველოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა აღნიშნეს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ გამარჯვებაა.

ლუის ენრიკეს გუნდს საქართველოსთან მატჩამდე ხერარდ მორენო დააკლდა – გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „ვილიარეალის“თავდამსხმელს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა. ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა გარისკა მიზანშეუწონლად ჩათვალა – მას სხვების იმედი აქვს და მორენოს შემცვლელი არავინ გამოუძახებია.

 

მსაჯი და ვიდეორეფერი

უეფა-მ მატჩის მთავარ არბიტრად პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა დანიშნა: მთავარი არბიტრი ტიაგუ მარტინში იქნება, რომლის ასისტენტებად ლუის კამპოსი და პედრო ალმეიდა იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯად – უგო მიგელი. ამას გარდა, ცნობილია მსაჯის ვიდეოასისტენტი – ლუის გოდინიო, რომელსაც ასისტენტი თავადაც ეყოლება – ანტონიო ნობრე.

ტიაგო მარტინშის ბოლო 100 მატჩის სტატისტიკა მიუთითებს, რომ საკმაოდ მკაცრი არბიტრია: მან ამ პერიოდში აჩვენა 549 ყვითელი ბარათი (საშუალოდ, თამაშში 5,49 ბარათი), 16-ჯერ მეორე ყვითელი ბარათი (საშუალოდ, თამაშში – 0,16), 34 წითელი ბარათი (საშუალოდ, თამაშში 0.34), ხოლო 22-ჯერ დანიშნა პენალტი (საშუალოდ, თამაშების 22%).