ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

13:53, 22.12.2018

ველისციხესთან, პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 3500-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მირიანაშვილს გირაოს თანხის სრულად გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. თანხის გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

როგორც პირველ არხს ადვოკატმა განუცხადა, დაცვის მხარე თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. დაცვის მხარემ სასამართლოს ათასლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ქეთევან მირიანაშვილი შსს-მ 19 დეკემბერს დააკავა. თავდაპირველად მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დღეს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაკავებული აღიარებს ქმედებას, მაგრამ არ აღიარებს ბრალს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.

მსგავსი