ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ველისციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულების მამუკა უსენაშვილის, თენგიზ ჯანიაშვილისა და გოჩა მაისურაძის წინასასამართლო სხდომა დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
დაცვის მხარე დაკავებულების მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას და პატიმრობის ნაცვლად, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და უსენაშვილი, ჯანიაშვილი და მაისურაძე პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება სამივე დაკავებულს 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, შოთა დალაქიშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
საპროტესტო აქციის დროს შოთა დალაქიშვილი თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.