ვედანტ პატელი - პარტნიორები კატარიდან იმუშავებენ, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს „ჰამასის“ წარმომადგენლებიც დაესწრონ
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ პარტნიორები კატარიდან იმუშავებენ, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს „ჰამასის“ წარმომადგენლებიც დაესწრონ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები ელოდება მოლაპარაკებებში წინსვლას.
„ჩვენ ხაზს ვუსვამდით მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, რამდენად მნიშვნელოვანია, მხარეებმა არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ამ კონფლიქტს გააგრძელებს, რაც გამოიწვევს შემდგომ არასტაბილურობასა და დაუცველობას. ეს შურისძიება სარგებელს ვერავის მოუტანს. ასე რომ, ჩვენ გვინდა, რომ თავიდანვე არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია ან შეტევა“, – აღნიშნა პატელმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი მიმდინარე კვირას სამიტს მართავენ, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასრულებას. აღნიშნული შეთანხმება ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ სამიტს არ დაესწრება, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ისრაელის დელეგაცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.