ვედანტ პატელი - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ღაზაში ჩასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ღაზაში ჩასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელს კითხვა დაუსვეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაზე, რომ ისრაელმა არ დაუშვა ფილიპ ლაზარინის ღაზის სექტორში შესვლა. როგორც მან აღნიშნა, არ შეეძლო კომენტარის გაკეთება, თუ რატომ აეკრძალა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ღაზაში შესვლა.
„გვჯერა, რომ მათ უნდა შეეძლოთ, ეწვიონ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მოქმედების ადგილებს, მათ შორის, ღაზაში. ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა ისრაელის მთავრობასთან, რათა სწრაფად დაამტკიცოს ყველა მოთხოვნილი ვიზა გაერო-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა პატელმა.
მისივე თქმით, ღაზაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების თავისუფალი გადაადგილება ჰუმანიტარული დახმარების მთავარი ნაწილია.
ვაშინგტონმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერა, რაც ისრაელმა სააგენტოს 13 000 თანამშრომლიდან 12 ღაზაში 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებში დაადანაშაულა.