ვებგვერდი 1tv.ge და ახალი ამბების აპლიკაცია 1TVNEWS – საქართველოს პირველი არხის ციფრული პლატფორმები განახლდა

17:42, 29.06.2026

საქართველოს პირველი არხი აუდიტორიას განახლებულ ციფრულ პლატფორმებს სთავაზობს. ახალი დიზაინითა და განახლებული ფუნქციონალით მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც 1tv.ge, ისე პირველი არხის ახალი ამბების მობილური აპლიკაცია 1TVNEWS.

განახლებული ვებპორტალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ახალი დიზაინი, გამარტივებული ნავიგაცია და დახვეწილი სტრუქტურა აუდიტორიას საშუალებას აძლევს, სწრაფად და მარტივად მიიღოს ინფორმაცია დღის მთავარი მოვლენების შესახებ, უყუროს პირდაპირ ეთერს და გაეცნოს პირველი არხის გადაცემებს.

სიახლეები შეეხო ახალი ამბების აპლიკაციასაც. განახლებული ინტერფეისი და ტექნიკური შესაძლებლობები მომხმარებლებს კიდევ უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს ახალ ამბებზე, რაც ინფორმაციის მიღების პროცესს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს ხდის.

„ჩვენთვის ციფრული პლატფორმების განვითარება ბოლო წლების განსაკუთრებული პრიორიტეტია, რამდენადაც აუდიტორიის ქცევა იცვლება და თანამედროვე მედიისთვის მიწოდების ინოვაციური გზების პოვნა მნიშვნელოვანი ხდება. ციფრული პროცესების დახვეწა არა მხოლოდ პლატფორმების ვიზუალურ განახლებას, არამედ ჩვენ მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქტების საზოგადოებისთვის სრულიად განახლებული მიდგომით შეთავაზებას გულისხმობს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

1tv.ge-სა და ახალი ამბების აპლიკაციის განახლება საქართველოს პირველი არხის ციფრული განვითარების მორიგი ეტაპია, რომლის მიზანიც თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე მორგებული პლატფორმების შექმნაა.

მსგავსი