ვაზისუბნის სკვერში, პროექტის, „თბილისის საუკუნოვანი კოლორიტის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
თბილისში, პროექტის, „თბილისის საუკუნოვანი კოლორიტის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ვაზისუბნის სკვერში მოეწყო სახვითი ხელოვნებისა და ფოტოხელოვნების ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა ფოლკლორული კონცერტი და თეატრალიზებული სანახაობა „ეზიდური ქორწილი“.
„პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმის გამო, რომ უფრო ფართო საზოგადოება იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში გვინდოდა, რომ ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მოესმინათ ეზიდური მუსიკა, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ცეკვაში, პერფორმანსში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამას თითოეული ჩვენგანისთვის, ისეთი ტოლერანტული ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ლილი საფაროვამ.
პროექტი ეზიდური თემის კულტურული ტრადიციების პოპულარიზებას, კულტურული თვითმყოფადობის გაცნობას, შესწავლასა და შენარჩუნებას ემსახურება.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო რუხაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა ლაბუჩიძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგაშვილი ესწრებოდნენ. პროექტი, „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის“ ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.