ვატო შაქარიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმის ბაზარი აღარ არსებობდეს
ვატო შაქარიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმის ბაზარი აღარ არსებობდეს

მე, როგორც ახალი თაობის პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმის ბაზარი აღარ არსებობდეს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას კონკრეტული პროექტებითა და სიღარიბის დაძლევით გავაკეთებთ. პირველი, რაც ჩვენმა გუნდმა დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისას გააკეთა, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება იყო და თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ ხარჯებში წავა. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ განვავითარებთ, სატრანსპორტო კოლაფსის პრობლემას ვერასოდეს მოვერევით“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

მისი თქმით, 2018 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რითაც ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„ეს ნიშნავს ამოძრავებულ ბიზნესს და დამატებით სამუშაო ადგილებს. ოთხი წლის შემდეგ, როცა დედაქალაქის ახალი მმართველობის 4–წლიანი პერიოდი შეფასდება, შეფასებისას კრიტერიუმები მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები იქნება. მოსახლეობას სწორედ ეს აინტერესებს და არა ის იაფფასიანი პოპულიზმი, რომელსაც სოციალური ფონიდან გამომდინარე, ოპოზიციისთვის ხელსაყრელი ნიადაგი სამწუხაროდ, დღესაც გააჩნია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოპულიზმს ბაზარი აღარ ჰქონდეს. თბილისში ეს დასრულდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

პირველი არხის ჟურნალისტის ანა ბროლაძის შეკითხვაზე, როგორ აპირებს დედაქალაქის მთავრობა ავარიული სახლების პრობლების მოგვარებას, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომ ავარიული შენობების ინვენტარიზაცია–აღწერის პროცესი უკვე დაწყებულია.

„შეიქმნება ერთიანი ბაზა და შემდეგში შეიქმნება შეფასების კრიტერიუმები, რითაც საერთო მდგომარეობის შეფასება და პრიორიტეტების განსაზღვრა შეგვეძლება, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება და იმ ადამიანთა უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც ასეთ შენობებში ცხოვრობენ. რაც შეეხება ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ბიზნეს მოდელი. ვმუშაობთ ინვესტორებთან და როგორც კი ხელშესახები შედეგი იქნება, მოსახლეობას ვამცნობთ. კერძო საჯარო პარტნიორობით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.