ვატო შაქარიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა ისტორიული შედეგებით და ჩვენი ურთიერთობა გადადის აბსოლუტურად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე
ვატო შაქარიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა ისტორიული შედეგებით და ჩვენი ურთიერთობა გადადის აბსოლუტურად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა ისტორიული შედეგებით და ჩვენი ურთიერთობა გადადის აბსოლუტურად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე, – ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, ეს არის საქართველოს უდიდესი წარმატება მრავალი განზომილებით, მათ შორის პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებითაც.

„პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში, გულისხმობს საქართველოს დიდ წარმატებას და გულისხმობს, რომ საქართველომ ამ ურთულეს მსოფლიო გეოპოლტიკურ ვითარებაში მოახერხა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზარდა ნდობა, პატივისცემა, ინტერესი და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა და ძალის გადმოსახედიდან, როგორიც ჩინეთია.

ყველამ ნახეთ, როგორი არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის უდიდეს წარმატებას ქვეყნის შიგნით, აგენტურულ ქსელსა და დესტრუქციულ ოპოზიციაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.

„ამასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთგვარად ჩვენი ქვეყანა გააფრთხილა, თითქოს ჩინეთს სჩვევია ისეთი დაპირებების გაცემა, რომელიც მომავალში არ სრულდება. ამ სიტყვებმა გაგვახსენა ყველა ის შეუსრულებელი დაპირება, რაც 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას მიუღია, ის შეაფოთება და რეკომენდაციები, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტები, ქვეყნის შიდა საქმეში უხეში ჩარევა, 12-პუნქტიანი გეგმები, მითითება, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა, რა კანონები მივიღოთ და როგორ ვიცხოვროთ. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ვისთან რა დოზით, ფორმით დაიჭიროს ურთიერთობა.

საქართველოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების გასაღები არის ინტერესთა ბალანსში და არა რომელიმე ერთი ძალის უპირობო მორჩილებაში და 30 წლის განმავლობაში ღია კარში უშედეგოდ დგომაში. ჩინეთი არის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ევროკავშირის ქვეყნების იმპორტის მესამედზე მეტი მოდის ჩინეთზე, ამიტომ ტყუილია ის არგუმენტი, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რამე ფორმით დამაზიანებელი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ დაინტერესება არის ძალიან მაღალი ყველა მხრიდან და სწორედ აქ არის საქართველოს განვითარების, გადარჩენის და გამთლიანების გასაღები.

„ვინმე თუ არის ჩარჩენილი გუშინდელ დღეში, ეს არის ამერიკის ელჩი და ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, ხოლო საქართველო აღმოჩნდა შესაბამისობაში და ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად შეესაბამება მსოფლიო პოლიტიკურ რეალობას, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.