ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცისკე, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა.

ტრადიციული ურბი ეთ ორბი მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაუკითხა.

ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა ღაზის სექტორში, ასევე იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისსა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. პაპმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და ქვეყანას მშვიდობის მალე დადგომა უსურვა.

ამასთან, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ მოეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას.

ქადაგებაში პაპი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მშვიდობა რელიგიის თავისუფლების, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და სხვათა შეხედულებების პატივისცემის გარეშე.

პაპმა, ასევე, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა დიალოგისა და მშვიდობის გზების ძიებისკენ.