ვატიკანის წმინდა საყდრის ელჩი – ძალიან მიხარია, რომ კახეთში ვარ და ვმონაწილეობ ყურძნის კრეფაში, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ ვიშრომოთ, ვიყოთ ბუნებასთან, ამავდროულად, ღმერთთან ახლოს
ძალიან მიხარია, რომ კახეთში ვარ და ვმონაწილეობ ყურძნის კრეფაში, რომელსაც თქვენ ყოველწლიურად აწყობთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან მახსენდება ბავშვობა, ჩემს ქვეყანაშიც ვაკეთებდი მსგავს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში ვატიკანის წმინდა საყდრის ელჩმა, ანტე იოზიჩმა კახეთში განაცხადა, სადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რთველში მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, კარგად ახსოვს, რამდენად რთული შრომაა ყურძნის კრეფა, რამდენად შრომისმოყვარე და მამაცი ხალხია ქართველები.
„ყურძენს არც ისე სწრაფად ვკრეფთ, თუმცა ვხედავთ, რამდენად სწრაფად და პროფესიონალურად მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც საქმე კარგად იციან. ეს მძიმე შრომაა, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებასთან გვაახლოებს. როცა ბუნებასთან ახლოს ვართ, ღმერთთანაც ახლოს ვართ. ეს საქმე შთაგონებას გვაძლევს ჩვენც და ახალგაზრდა თაობასაც. იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ღვინის წარმოებას, მაგრამ ასევე აწარმოებს ბევრ სხვა პროდუქტსაც, რომლის მოცემაც თქვენს ნაყოფიერ მიწას შეუძლია როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის, რომ ეს ღონისძიება მოაწყო, ასევე მადლიერი ვარ თქვენი, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი მოსაზრებებიც გაგიზიაროთ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ ვიშრომოთ, როგორ ვიყოთ ბუნებასთან ახლოს და, ამავდროულად, როგორ ვიყოთ ახლოს ღმერთთან“, – განაცხადა ანტე იოზიჩმა.