ვასილის სპანულისი – საქართველოს ნაკრებთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ #1TVSPORT

19:51, 24.11.2026

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მატჩამდე კომენტარი საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა გააკეთა. ბერძენმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებსა და საკუთარი გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

„წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, თუმცა ახლა მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ და არა ესპანეთთან მომდევნო დაპირისპირებაზე. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და გავიმეოროთ ის, რაც წინა სანაკრებო „ფანჯრის“ დროს ესპანეთთან საკუთარ მოედანზე მოვახერხეთ, როდესაც გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რწმენა დავიბრუნეთ.

ტრავმების გამო ბევრი პრობლემა გვაქვს და სრულფასოვნად ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ. რთულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ამ სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ და ეროვნული ნაკრებისთვის ვიბრძოლოთ. ყურადღება იმ კალათბურთელებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ბოლომდე დავიხარჯებით, სათამაშო გეგმას მივყვებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ნიკ კალატესის მნიშვნელობა აგვისტოს სანაკრებო ფანჯრის დროსაც დავინახეთ. ის მიმდინარე სეზონშიც კარგად თამაშობს. ტრავმის მიუხედავად, ბოლო მომენტამდე ველოდებოდით. ნიკს ძალიან დასწყდა გული, რომ ვერ დაგვეხმარება. სურს, გავიმარჯვოთ და მომდევნო სანაკრებო „ფანჯრის“ დროს შემოგვიერთდეს. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია.

სპორტში ყველაფერი შესაძლებელია. შესარჩევი ეტაპის ფორმატი საკმაოდ სპეციფიკურია. ტრავმებისა და სხვა გარემოებების გამო სხვადასხვა შემადგენლობით გვიწევს თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.

საქართველოს ნაკრებსაც აქვს საკადრო პრობლემები. მათ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თორნიკე შენგელია და მარკის რიდი მათი ორი მთავარი ფიგურაა, თუმცა ყურადღება არა მხოლოდ მათ, არამედ თითოეულ კალათბურთელს უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა სპანულისმა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი