ვასილიოს გორდეზიანი - სადებიუტო შეხვედრაში გოლი ძალიან მახარებს #1TVSPORT
ვასილიოს გორდეზიანი - სადებიუტო შეხვედრაში გოლი ძალიან მახარებს #1TVSPORT

გიბრალტართან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მოგების (2:0) შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ მცველმა, საბა გოგლიჩიძემ და საბერძნეთში გაზრდილმა, სალონიკის პაოკ-ის თავდამსხმელმა, ვასილიოს გორდეზიანმა, (რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა) მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს.

საბა გოგლიჩიძე: „ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე პირველად ვიყავი და ნაკრებშიც პირველად ვითამაშე. შეხვედრამდე სამი დღით ადრე შევიკრიბეთ და ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ პირველი თამაშის კვალობაზე ამასაც არა უშავდა.

ბედნიერი ვარ და გვერდში დგომისთვის ბიჭებსა და მწვრთნელებს მადლობას გადავუხდი. ახლა მომდევნო თამაშზე გადავერთვებით, რომელიც მოლდოვასთან გვაქვს და ყველანაირად შევეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ“.

ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან მახარებს გუნდის წარმატება და სადებიუტო შეხვედრაში გატანილი პირველი ბურთი. გუნდისთვისაც და პირადად ჩემთვისაც კარგი საღამო გამოვიდა. ასეთივე შემართებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა უკეთესი გუნდი გავხდეთ. მჯერა, შემდეგ მატჩშიც წარმატებას მივაღწევთ“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, მეორე ტურის შეხვედრაში, 12 სექტემბერს კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდება.