გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა ოკუპირებული ტერიტორიები
გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა ოკუპირებული ტერიტორიები

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა არა მხოლოდ ყირიმი, არამედ ოთხი რეგიონი, რომლებსაც რუსეთი ნაწილობრივ აკონტროლებს.

ამის შესახებ მან გაერო-ში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

„უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა არა მხოლოდ ყირიმი, არამედ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთს. შესაბამისად, სიტუაცია უნდა გამოსწორდეს იმ რეგიონებში, რომლებიც ჯერ რჩებიან კიევის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ნებენზიამ.

რუსეთის ელჩის თქმით, მინსკის შეთანხმებების გარანტორები – ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო – უკრაინის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით ვერანაირი მომავალი შეთანხმების მონაწილეები ვერ იქნებიან.

მან ასევე თქვა, რომ „ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ხაზის გასწვრივ არ არის მისი დარეგულირების გარანტია“.

„უკრაინა მომავალში უნდა იყოს დემილიტარიზებული და ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არ შედის რაიმე ბლოკებსა და ალიანსებში. როგორც დღეს აღიარებენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები, კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, სწორედ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გახდა კრიზისის პროვოცირების მიზეზი“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ.