ვასილ მაისურაძე - 19-წლამდელების წარმატება გუნდურმა სულისკვეთებამ და გამარჯვებისკენ სწრაფვამ განაპირობა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გამოსვლა შეაფასა.
– პირველი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის დიდი საჩუქარია. ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელი იყო, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ იყო 7 დღეში 3 თამაშის ჩატარება და ძალების გადანაწილება. ჩვენი ბიჭებისთვის ასეთი ტემპი და დინამიკა, როგორიც ნორვეგიაში ჩაატარეს, საქართველოში უცხოა. მაგრამ გუნდურმა სულისკვეთებამ და გამარჯვებისკენ სწრაფვამ დიდი გავლენა მოახდინა.
– თავიდანვე ვთქვით – ამხელა გზა იმიტომ გამოვიარეთ, რომ კარგად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, გუნდი და ქვეყანა. ამ სულისკვეთებამ კარად იმუშავა. თუმცა, მარტო ეს არ იყო. ყველა ასაკობრივში გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ასეთები 2003 წელს დაბადებულებშიც არიან, რომლებზეც ვიტყვი, რომ შესაძლოა, მალე ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.
– გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველამ მაქსიმუმი გააკეთა. არიან ფეხბურთელები, ვისაც ამ დონეზე ნათამაშები არ ჰქონდა და მთელი ეს ტურნირი უშეცდომოდ ჩაატარეს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მე-10 ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ლარვიკის „ფრამ პარკენზე“ მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა და 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა. „ჯვაროსნებმა“ მასპინძლებს ქულით გადაასწრეს და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვეს.
ვასილ მაისურაძე ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ეს 2013 წელს 17-წლამდელთა ნაკრებში მოახერხა.