ელიტ რაუნდში პირველი ადგილით - საქართველოს 19-წლამდელებმა ნორვეგია დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
ელიტ რაუნდში პირველი ადგილით - საქართველოს 19-წლამდელებმა ნორვეგია დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა წარმატებას საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში მიაღწია, სადაც ბოლო მატჩი ქალაქ ლარვიკის „ფრამპარკენზე“ მასპინძელ ნორვეგიასთან გამართა და დაამარცხა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უელსთან (0:0) და კოსოვოსთან (1:0) მოპოვებული 4 ქულით მეორე ადგილზე იყო და ელიტ-რაუნდში გასვლის რეალური შანსი გააჩნდა. ფავორიტად ნორვეგია ითვლებოდა, რომელმაც ასპროცენტიანი შედეგით (6 ქულა, ბურთები 8:0-ზე) შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ამ მატჩამდე გაინაღდა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. პირველი სახიფათო მომენტი ოთო მამაგეიშვილის თამაშს მოჰყვა, რომელმაც პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა. მაგრამ მის დარტყმაზე მასპინძელთა მეკარემ, ისაკ სოლბერგმა საიმედოდ ითამაშა.

26-ე წუთზე გეგი გეგუჩაძის ჩაწოდების შემდეგ რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, მაგრამ თორნიკე დუნდუას მცველმა დაასწრო და კუთხური დაინიშნა, რომელიც გიზი მამაგეიშვილმა შეასრულა და ბურთი კარში ჩაახვია 0:1.

ამის შემდეგ ნორვეგიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 35-ე წუთზე წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი მიეცათ. საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა – თამაშის წესი ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა დაარღვია, მაგრამ „ჩელსის“ თავდამსმხელის, ბრაიან ფიაბემას დარტყმული ბურთი მოიგერია და შეცდომა გამოასწორა.

44-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა გიზო მამაგეიშვილმა ლუკა გაგნიძემ გააგრძელა და ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. 51-ე წუთზე გიორგი ჩხეტიანმა ჯარიმა მშენივრად შეასრულა, მაგრამ ნორვეგიელები ძელმა იხსნა, დამატებაზე კი მეკარე სოლბერგმა ორიოდე მეტრიდან დარტყმული მოიგერია.

ამის შემდეგ ნორვეგიელებმა აქტიურად შეუტიეს. 70-ე წუთზე ოდინ-ტიაგო ჰოლმის სახიფათო დარტყმის შემდეგ ხარატიშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა. 79-ე წუთზე კი კუთხურის გათამაშებსი შემდეგ თორნიკე დუნდუას დარტყმული მეკარემ მოიგრია და მასპინძლები გადაარჩინა. ერთ წუთში უკვე ნიკა ცხოვრებაშვილმა შეუტია და სოლბერგმა ისევ საიმედოდ ითამაშა.

82-ე წუთზე უკვე სიდი ჯატას დარტყმის შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრები გადარჩა. 84-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ შეუტია, მაგრამ მისი შორეული დარტყმა კარს ოდნავ ასცდა. მას გატანა 88-ე წუთზე განვითარებული კონტრშეტევის შემდეგაც შეეძლო, რომელიც გიორგი გვიშიანმა განავითარა, მაგრამ კარს ისევ მცირე მანძლით ააცილა. 90+1-ე წუთზე ფიაბემას ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა და ბურთი ძელს მოარტყა.

საბოლოოდ, საქართველსო ნაკრებმა 1:0 მოიგო, ხოლო პარალელურად მიმდინარე მეორე შეხვედრაში უელსის ნაკრებმა კოსოვო 3:0 დაამარცხა და ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, თანაც გოლიც არ გაუშვია და შემოდგომის მძიმე საფეხბურთო პერიოდში გულშემატკივარს სიხარული მიანიჭა. მეორეზე კი 6 ქულით ნორვეგიელები არიან და ეს ორი გუნდი გავიდა ელიტ-რაუნდში, რომლის მატჩებიც გაზაფხულზე გაიმართება.


ნორვეგია U19 – საქართველო U19 0:1


გოლები: 0:1 გ. მამაგეიშვილი (26)

გაფუჭებული პენალტი: ფაიბემა (35. მეკარე)

საქართველო U19: ხარატიშვილი – პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, ჩხეტიანი – ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე (90. უგრეხელიძე), გეგუჩაძე (90+3. კეკელიძე), გ. მამაგეიშვილი (75. ცხოვრებაშვილი,) – გვიშიანი, კვერნაძე (75. იობაშვილი)

სათადარიგოები: თანდილაშვილი, გოგოტიშვილი, ბაგრატიონი, სიხარულაშვილი, ხაბულიანი

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

მთავარი არბიტრი: დუიე სტრუკანი (პოლონეთი)