ვასილ მაღლაფერიძე - ტელევიზიაში ახლა არ შემოსულა არანაირი აუდიტი, თუმცა აუდიტის დასკვნა არსებობს, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე იყვნენ აქ და ახლა სხვა მედიასაშუალებებში მუშაობენ, სწორედ მათთან არის კითხვები
ვასილ მაღლაფერიძე - ტელევიზიაში ახლა არ შემოსულა არანაირი აუდიტი, თუმცა აუდიტის დასკვნა არსებობს, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე იყვნენ აქ და ახლა სხვა მედიასაშუალებებში მუშაობენ, სწორედ მათთან არის კითხვები

ტელევიზიები გამოთქვამდნენ ვარაუდებს და აღარ დასვათ ეს კითხვები – პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გნებავთ ბელარუსიც გამორიცხეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რომელმაც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.

„ჩემი პროფესიის დიდი ნაწილი იყო მასწავლებლობა. „ტელესკოლაში“ მაქვს ორი პროექტი – არის საგანმანათლებლო პროექტები, ამასაც გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პირველ არხში აუდიტის სამსახური შევიდა, ვასილ მაღლაფერიძე პასუხობს:

„სხვათა შორის, თქვენმა ტელევიზიამ ახსენა აუდიტის სამსახურის დასკვნა. უნდა გითხრათ, რომ ახლა არ შემოსულა არანაირი აუდიტი, თუმცა აუდიტის დასკვნა არის, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე იყვნენ აქ და ახლა სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობენ. თუ კარგად შეისწავლით, სწორედ მათთან არის კითხვები. სხვათა შორის თქვენთანაც არიან ასეთი ადამიანები“.

ამასთან, კითხვაზე, რომ აუდიტის სამსახურისა და 45-მილიონიანი სესხის შესახებ საქართველოს პირველი არხის პროფკავშირების თავმჯდომარემ ისაუბრა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს უპასუხისმგებლო საუბარია.

„ამაზე ვინც საუბრობს, ჩვეულებრივად აგრძელებს უპასუხისმგებლო საუბარს. სამწუხაროდ, ჩვენთანაც დამკვიდრდა, რომ ადამიანებმა არ იციან, რას ლაპარაკობენ. მაინც საუბრობენ ამ სისულელეს, ოღონდ დამაჯერებელი სახით. აუდიტის დასკვნა არსებობს, პროკურატურაშიც გადაგზავნილია და შეგიძლიათ, გამოიტანოთ, ეს ღიაა და დაინახავთ, ვის მიმართ არის კითხვები. რაც შეეხება სესხს, პროფკავშირების თავმჯდომარე ჩემამდე მუშაობდა აქ და უყურებდა ამ დაქცეულ ვითარებას. ვითარება დაქცეული იყო იმიტომაც, რომ ამ ტელევიზიის რესურსები პირდაპირ ხმარდებოდა სხვა ტელევიზიებს დანაშაულებრივად, თუნდაც იმავე „რუსთავი 2“-ს. ძალიან ცუდია, რომ ეს არ იცის პროფკავშირების თავმჯდომარემ. ამიტომ იყო 45 მილიონის სესხი საჭირო, რომ ამ არხზე მომხდარიყო ტექნიკური გადაიარაღება. გონიერ ადამიანს ამაზე კითხვა არ უნდა გაუჩნდეს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.