ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველ არხს სხვა ამოცანები აქვს, მაღალ გემოვნებაზეა ორიენტირებული, არიან ადამიანები, რომლებსაც ჭუჭყის ესთეტიკა მოსწონთ, კი, ბატონო, მაგრამ ეს სხვა არხია
ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველ არხს სხვა ამოცანები აქვს, მაღალ გემოვნებაზეა ორიენტირებული, არიან ადამიანები, რომლებსაც ჭუჭყის ესთეტიკა მოსწონთ, კი, ბატონო, მაგრამ ეს სხვა არხია

საქართველოს პირველ არხს სხვა ამოცანები აქვს, მაღალ გემოვნებაზეა ორიენტირებული, არიან ადამიანები, რომლებსაც ჭუჭყის ესთეტიკა მოსწონთ, კი, ბატონო, მაგრამ ეს სხვა არხია, – ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ გაჩნდა ეუთო-ოდირის დასკვნაში კითხვები საქართველოს პირველი არხის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს დასკვნა ობიექტური არ იყო.

„დასკვნა არ იყო ობიექტური. ეს იყო ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ნამუშევარი. არ შევდივართ ახლა ამ დავაში. მათ ასე ჩათვალეს და ასეთი დასკვნა დაწერეს. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემებზე და იგივე პრეზიდენტობის კანდიდატები სხვა აზრზე იყვნენ. ხომ არსებობდა ამასთან დაკავშირებით კითხვები? აი, ახლა გავეცი პასუხი. ახლა მოდის არჩევნები და გადავდექი. იმიტომ გადავდექი, რომ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რომლებიც ბევრი მედიისგან განსხვავებით არიან სრულიად თავისუფალი და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ, არ მუშაობენ წინასწარი კარნახით, ასეთი კითხვები არ დაუსვან. ამიტომ გადავდექი.

მე ღიად გეუბნებით, ქართულ მედიასივრცეს ძალიან კარგად ვიცნობ. ეს არის ძალიან დაზიანებული სივრცე, ეს არის, ძირითადად, კარნახით, წინასწარ აკვიატებული აზრით მოქმედი სივრცე, აღარაფერს ვამბობ ცალკე იაფფასიან უხამსობაზე, რაც სირცხვილია. ეს ამ არხზე არ ხდება. ამ არხზე ძალიან გემოვნებიანი პროდუქტებია. ერთ გადაცემას ვერ დაასახელებთ, ვინც უნდა საუბრობდეს, გინდა პროფკავშირის თავმჯდომარე და გინდა მოადგილე, რომ იყოს დაბალი ხარისხის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, რაც ხდება ზოგიერთ არხზე, სამარცხვინოა. საქართველოს პირველ არხზე კი, არის საუკეთესო პროდუქცია.

„აქ არის საუკეთესო ხარისხის მეგაშოუები, საუკეთესო ხარისხის მუსიკალური გადაცემები, საუკეთესო ხარისხის შემოტანილი სერიალები და არა ის სამარცხვინობა, რაც ხდება მედიაში. სამარცხვინოა ის სერიალები, რომლებიც ჩვენს მედიაში გადაიცემა, მით უმეტეს, როდესაც ორიენტაციაზე და ღირებულებებზე ვსაუბრობთ – რა ორიენტაცია და ღირებულებები შემოაქვთ იმ ტელევიზიებში, საერთოდ აღმაშფოთებელია.

პირველი არხის მომდევნო სეზონი იქნება მაქსიმალურად იმასთან მიახლოებული, როგორიც გვინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არხს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. იქნება ლიდერი მედიაბაზარზე და სრულფასოვნად გააგრძელებს ყველა პროექტს. ახლა ეს არხი ამზადებს პროექტს, რომელიც ჯამურად ორჯერ მეტია, ვიდრე ყველა სხვა ტელევიზიისა ერთად და ამას გააგრძელებს. მე მგონია, რომ კითხვები აქ უნდა იყოს, რაში იხარჯება ფული.

როდესაც ადამიანი კითხულობს, რატომ აიღეთ კრედიტიო, აი, ამიტომ ავიღეთ, იმისთვის, რომ ეს მეგაშოუები გაკეთებულიყო, გაკეთებულიყო ფილმები. საზოგადოებრივი არხი ძალიან უწყობდა ხელს და შეუწყობს მომავალშიც ქართველ რეჟისორებს. ამ არხმა დააღწია თავი იმ ინერტულ მდგომარეობას, რომელშიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული. შიგნით ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებმა ირწმუნეს საკუთარი ძალის და გარედან, ვინც ობიექტურია, ისინი ხედავენ, რომ მაუწყებელი ძალიან წარმატებულია. თუმცა, რასაკვირველია, არიან ადამიანები და ეს მათი უფლებაა, რომ მათი გემოვნებიდან, აღზრდიდან თუ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მოსწონდეთ სხვადასხვა არხი. ამიტომაცაა მედია ჭრელი. ზოგს დედის გინება მოსწონს, ზოგს მამის და ზოგს კიდევ წინაპართა საფლავების, ზოგს კიდევ ჩაკრულოს მოსმენა მოსწონს. ამიტომ, უნდა იყოს უთვალავი ფერი და ყველა იპოვის თავის არხს პულტის მეშვეობით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე ისაუბრა რეიტინგებზე, რომლებიც, მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ზუსტად ითვლება და არის ძალიან მომატებული.

„თქვენ ალბათ არ გაქვთ ეს ინფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ითვლება იმ მთვლელებით, რომლითაც სხვა ტელევიზიები. შეგიძლიათ, ნახოთ ის, რაც ღიაა – სოციალურ და ელექტრონულ მედიაში, რაც ზუსტად ითვლება. შეგიძლიათ, ნახოთ ნახვები რამდენია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეგაშოუების და სხვა ტელევიზიების. იყო ძალიან დაბალი რეიტინგი და არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. თქვენ რომელ გადაცემასთან გაქვთ პრეტენზია? საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ მედიაში გამორჩეულია იმით, რომ აწარმოებს გემოვნებიან პროდუქციას, ყიდულობს გემოვნებიან პროდუქციას, რომელიც ემსახურება ადამიანის აღზრდას და არ აზიანებს ფსიქიკას.

თქვენ რომ გადახედოთ, ქართულ მედიასივრცეში დღეს ძალიან ცუდ ნაკადად შემოდის აგრესიული უხამსობა და დიდი უგემოვნობა. მარტო სერიალებს გადახედეთ, რა გადის, ძალიან მძიმეა, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ევროპაში უნდა შეხვიდეთ, შეხედეთ, რა ღირებულებებს ამკვიდრებენ ეს სერიალები. რითი კვებავს საზოგადოებას მედია? თქვენი მედიასაშუალებები ეკუთვნის კერძო ადამიანებს, ეს არხი კი, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას. ამ არხს სხვა ამოცანები აქვს, ეს არის მაღალ გემოვნებაზე ორიენტირებული არხი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, აღზრდიდან და გემოვნებიდან გამომდინარე. ზოგს ჭუჭყის ესთეტიკა მოსწონს, კი, ბატონო. მაგრამ ეს არხი სხვა არხია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.