ვასილ მაღლაფერიძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის
ვასილ მაღლაფერიძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის

„ქართული ოცნება“ ძალიან საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, წინ ძალიან საინტერესო სამუშაო გველოდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, თანდათან გამოიკვეთება ფუნქციები, რასაც „ქართულ ოცნებაში“ შეასრულებს.

„ბუნებრივია, თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქციაა თავმჯდომარისთვის ხელის შეწყობა, პარტიის მუშაობის ორგანიზება, სტრუქტურების გაძლიერება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადაწყვიტა, მედიის შემდეგ, საქმიანობა პოლიტიკაში გაეგრძელებინა.

„სიმართლე გითხრათ, როცა მივიღე შემოთავაზება, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. მე ტელევიზიიდან წავედი ზაფხულში და შემოთავაზება პარტიიდან, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან, მაია ცქიტიშვილისგან იყო დაახლოებით ერთ თვის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი, პარტიამ კი უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე.

„ვფიქრობ, საინტერესო ეტაპი იწყება, რადგან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და პარტიასაც დიდი პასუხისმგებლობა აწევს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევა მის წინაშე, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანაა, ეს შევძლოთ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.