ვასილ მაღლაფერიძე - მანიაკს უჭირავს ხელში ფარული ჩანაწერების არქივი, მანიაკმა ჩაიწერა, თანაც ერთი ჩიპი არ არის და კიდევ ბევრი მანიაკია
ვასილ მაღლაფერიძე - მანიაკს უჭირავს ხელში ფარული ჩანაწერების არქივი, მანიაკმა ჩაიწერა, თანაც ერთი ჩიპი არ არის და კიდევ ბევრი მანიაკია

მანიაკს უჭირავს ხელში ფარული ჩანაწერების არქივი. მანიაკმა ჩაიწერა, მანიაკმა გადაიწერა, თანაც ერთი ჩიპი არ არის და კიდევ ბევრი მანიაკია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს მთელი დღეა, განუწყვეტლივ ვსვამთ კითხვას, „ეს რატომ გააკეთა“, „რა მიზნები ჰქონდა“. ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვქნათ. ადამიანს, რომ კადრებს უღებენ, მერე უნდა დავსხდეთ და ჭკვიანური სახეებით ვარჩიოთ, რაში გამოვიყენებთ?! ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა უფლებადამცველების მდგომარეობა, რომლებიც მანიაკალურ დამოკიდებულებას არ ემიჯნებიან“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება მაქსიმალურად სათუთად ეპყრობა ჟურნალისტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა უნდა აიწყვიტონ და საზოგადოებას ყველაფერი აკადრონ.

„არქივი რომ არსებობს, ჩემზე კარგად იციან ჟურნალისტებმა საკუთარი გამოცდილებითაც. ვისაც არ აქვს გამოცდილი, კიდევ გამოცდის, რადგან ეს არქივი მანიაკს უჭირავს ხელში. რა მიზანი აქვს ადამიანს – აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველას ვთხოვ, პოლიტიკოსსა და არაპოლიტიკოსს, ამაზე თუ დავიწყებთ ჭკვიანურად ყალბ ლაპარაკს, უბედურებაში შევაბიჯებთ. ყველასთან დაიჩოქებს, პირველ რიგში ჟურნალისტებთან, მანიაკალობების ეს შავი არქივი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებაში ჩვეულებრივად მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც რეალურად არ არის ჩვეულებრივი.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ისეთ დანაშაულს, როგორიც ფარული ჩანაწერის გაკეთებაა, არ ჩაიდენს.

„ადამიანები, რომლებიც წამების კამერებში მუშაობდნენ, არ იყვნენ ნორმალური ფსიქიკის ადამიანები, მათ ამის მოთხოვნილება ჰქონდათ. კიდევ ერთი რამ, რამაც შემაშფოთა, იყო გარკვეული ადამიანების რეაქცია, რომლებმაც სცადეს, რომ თვისებრივად სხვა ფორმა მიეცათ ვითარებისთვის და თქვეს, რომ ვნახოთ და გავარკვიოთო. რა უნდა გავარკვიოთ? რა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რას ნიშნავდა, როცა თავის დროზე კეთდებოდა ეს ჩაწერები და დღეს ჩვეულებრივად უცებ მივედით იქამდე, რომ ტელევიზიამ აიღო და ჩვეულებრივად გაუშვა ეთერში“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მაღლაფერიძემ ტელევიზიის საშუალებით ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების დამკვიდრების საფრთხეზეც ისაუბრა.

„ჩვენ დავამკვიდრეთ ბილწსიტყვაობა, ყველანაირი კადრება, ღირსების აბსოლუტური ნიველირება და ახლა ვამკვიდრებთ იმას, რომ ტელევიზია აიღებს ხვალ და ჩვეულებრივად დაიწყებს ფარული კადრების მოპოვებას. ეს არის დიდი საფრთხე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.