ვასილ მაღლაფერიძე - კანონპროექტში დიდ რისკებს ვხედავთ, დამფინანსებელს რაც მოეწონება, ის იქნება სარედაქციო პოლიტიკა, არ ვსაუბრობთ დაფინანსების მოცულობაზე, გვინდა, ეს გაითვალისწინონ
ვასილ მაღლაფერიძე - კანონპროექტში დიდ რისკებს ვხედავთ, დამფინანსებელს რაც მოეწონება, ის იქნება სარედაქციო პოლიტიკა, არ ვსაუბრობთ დაფინანსების მოცულობაზე, გვინდა, ეს გაითვალისწინონ

ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია, გადაწყვეტილების მიმღებებს ვუთხრათ, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტში ვხედავთ ძალიან დიდ რისკებს და შეიძლება, ეს რისკები მალე დადგეს, უახლოეს თვეებში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, ხმა მივაწვდინოთ იმათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ამით პატივისცემაც გამოვხატოთ, რადგან ეს დისკომუნიკაცია არ არის კარგი და არ უხდება საქმეს. ტელევიზია სპეციფიკური, რთული საკითხია და ვერცერთი ადამიანი ვერ დაიჩემებს, რომ ის სრულად ფლობს მთელ ინფორმაციას. ეს კომუნიკაცია აუცილებელია და დღესაც ამიტომ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იმედს ვიტოვებ, შედგება ეს კომუნიკაცია. უამრავი კითხვაა, თუ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია, გადაწყვეტილების მიმღებებს ვუთხრათ, რომ ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ რისკებს და შეიძლება, ეს რისკები მალე დადგეს, უახლოეს თვეებში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მდაბიო პოლიტიკური ხერხია, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ფული უნდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რაღაც გაუმაძღარი ორგანო, რომელიც ფინანსების მომატებას ითხოვს. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ამით ხდება ინსინუაცია და ამ პოლიტიკური ხერხის გამოყენება არასწორია. მე ვიტყოდი, ეს მდაბიო პოლიტიკური ხერხია, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ფული გვინდა და ამდაგვარი რაღაცები. ასეთი ცუდი შედარებებით ნებისმიერი ინსტიტუტის გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების სქემაზე. ევროპის ყველა ქვეყანაში სქემა ერთ პრინციპზეა აწყობილი, რომ შენ ყოველწლიურად არ იყო დამოკიდებული მოლაპარაკებებსა და თათბირებზე. ეს არის უმთავრესი. დაფინანსება მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს სხვა საკითხია. ორს რომ ორზე გაამრავლებ, ოთხია და სამს რომ სამზე გაამრავლებ, ცხრა, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ შენ ზუსტად უნდა იცოდე, რას იღებ, ანუ ცვლადზე უნდა იყოს მიბმული. ასე იღებს გადაწყვეტილებას ევროპის ყველა კანონმდებელი. შენ როგორც კი მიბმული ხარ სხვა უწყებაზე, შეიძლება, იმ უწყებამ ძალიან ბევრი თანხაც მოგცეს, მაგრამ ეს ისეთივე ცუდი იქნება, როგორც ნაკლები თანხის მოცემა, რადგან ვინც თანხას იძლევა, ცხადია, სარედაქციო პოლიტიკასაც ის განმარტავს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა საზოგადოებას ახსოვს უახლოესი წარსული და მაშინაც კი, როცა კანონმდებლობა ფორმალურად გამართული იყო, დამოუკიდებლობას უჭირდა, არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისას, არამედ ბევრი ინსტიტუციისას და როცა ამას გაუმართავი კანონმდებლობა დაემატება, ეს კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს შექმნის.

მისივე თქმით, პარლამენტარებს თუ მართლაც მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება აწუხებთ, კონსულტაციები მით უმეტეს საჭიროა.

„ჩვენი კოლეგები მათ კიდევ უფრო უკეთეს მოდელს შესთავაზებენ, რომელიც ფინანსურადაც აწყობთ და დამოუკიდებლობაც დაცული იქნება, დღეს კი სერიოზული კითხვები ჩნდება, რომ სწორედ დამოუკიდებლობაა დარტყმის ქვეშ და არა ფინანსების მოცულობა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პარლამენტში მოიყვანეს შედარება ძალიან პატივსაცემ და მნიშვნელოვან სტრუქტურებთან, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრუქტურა არ ნიშნავს დაფინანსების წესის ერთგვარობას.

„საკონსტიტუციო სასამართლოსაც, სახალხო დამცველსაც, პროკურატურასაც და პარლამენტსაც სპეციფიკური საქმიანობა აქვთ, იქ თანხა გამოიყოფა საწვავზე, გადაადგილებაზე და საოფისე სამუშაოა და ვინმეს ტელევიზია ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ეს საოფისე საქმიანობაა? აქ საოფისე საქმიანობა რომ უზრუნველყოფილია, მერე იწყება გადაცემები. გადაცემები რომ იწყება, აი, ეს გადაცემები უნდა დასაბუთდეს. ამ კანონში არ წერია, არ ვიცი, გამორჩათ, არ იცოდნენ თუ არ გაითვალისწინეს, მაგრამ ვიღაც უნდა მივიდეს, შეიძლება დირექტორი, სამეურვეო საბჭო და ვიღაცებს, პირობითად, პარლამენტს ან სხვას უნდა დაუსაბუთონ გადაცემების შინაარსი. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი და რამდენიმე პარლამენტარმა ახსენა, ჩვენ გამოვუყოფთ ფულსო. ესე იგი, რაღაცნაირად ხედავენ ამ მომენტს. შეიძლება, რომელიღაც დეპუტატს არ მოსწონს კონტენტი და ეს მისი უფლებაა, არ მოსწონდეს, რადგან არმოწონების თავისუფლებაც არის. ჩვენ ბევრ ადამიანს ვიპოვით, რომელსაც, შეიძლება, არც „ვეფხისტყაოსანი“ არ მოსწონდეს და, საერთოდ, არანაირი წიგნი არ მოსწონდეს, ასეთებიც გვინახავს, მაგრამ დეპუტატებს როგორ უნდა დავუსაბუთოთ გადაცემების შინაარსი? ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ რაც დამფინანსებელს მოეწონება, ის იქნება სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ დაფინანსების მოცულობაზე კი არ ვლაპარაკობთ, გვინდა, აი, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ასე ხდებოდა საბჭოთა დროს და აღარ უნდა განმეორდეს.

„მაშინ მშვენიერ ფილმებსაც იღებდნენ, მაგრამ, აი, რომ მოეწონებოდათ, იმ ფილმზე გამოიყოფოდა ფული. ეს მოდელი იყო დაფინანსების და ამ მოდელზე თუ გადავდივართ, უნდა ვთქვათ. მე მგონი, გადავდივართ, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ დისკომუნიკაციაა და არ არის სიცხადე. როცა ისინი ამბობენ, რომ ეს მეტი დამოუკიდებლობა იქნება, ვიდრე არის, შეიძლება, ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის დამოუკიდებლობა ან სხვა რამეს ვგულისხმობთ ამაში. ძალიან საეჭვოა ის, რომ ასეთი დახურული კარია. ფაქტობრივად, დიალოგი არ არის, თუმცა ჩვენ ძალიან გახსნილი ვართ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„მაგალითად, ვინ არის პასუხისმგებელი მშენებლობის დასრულებაზე? ჩვენ ფულს გამოვყოფთო, რომ ამბობენ, როდის გამოყოფთ, რას გამოყოფთ ან სანამ გამოყოფთ, იქ ამასობაში რა მოხდება? ეს მშენებლობაა და შეგვიძლია, ერთი დღითაც მივატოვოთ? ვინ ჩაიბარებს შენობას და ა.შ. ვინ ვის უნდა დაუსაბუთოს, რამდენი კამერა სჭირდება, რა ოპტიკა? იქ არქივის თემაა და ვინ იღებს პასუხისმგებლობას არქივზე? ეს რა, მარტო გოგა ჩართოლანის თავის სატკივარია? ან რა უნდა გაკეთდეს ასე შიშველი ხელებით? აქ დაგეგმილი იყო და ამ გეგმით მივდიოდით. თუ ცუდი იყო, ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ეს გეგმა ცუდი იყო. იქ არქივის შენობა მთავრდებოდა, მერე იწყებოდა კონსერვაცია და ა.შ. აგერ იქნება არქივი და გააკეთონ, მაგრამ რასაც ვზვერავდით და უნდა დაგვეწყო საუბარი, ავსტრიელების ამბავი იყო და შვიდ მილიონ ევროზე იყო საუბარი. თუ ვიღაც გადაიბარებს და გააკეთებს, საზოგადოებას უნდა უთხრას, როდის გააკეთებს, რას გააკეთებს და ა.შ. ეს რთული საკითხებია, რომლებიც ასე ერთ თვეში ვერ მოხდება და როგორც კი კანონი შევა ძალაში, დირექციას, გვინდა თუ არ გვინდა, ხელები შეკრული ექნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.