ვასილ მაღლაფერიძე - იდეის მონობა არის ყველაზე საშიში ანტიდასავლურობა 
ვასილ მაღლაფერიძე - იდეის მონობა არის ყველაზე საშიში ანტიდასავლურობა 

იდეის მონობა არის ყველაზე საშიში ანტიდასავლურობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაქსიმალურად უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ თავისუფლებას. ამასთან, როგორც მან განაცხადა, თავისუფლად ცხოვრება არის თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა.

„დღეს რას ვხედავთ – ცეკას და კრემლის ინსტრუქციები აღარ არსებობს და მაინც საიდანღაც ჩნდება ცენზურა. ერთ მაგალითს მოვიყვან. პირველ არხზე პაატა ქურდაძეს მიჰყავს გადაცემა – ძალიან კარგი. აჩვენებს ძალიან მაღალი ხარისხის ინგლისურ და ფრანგულ დოკუმენტურ ფილმებს. ერთი ამბავი ატყდა, პირველი არხი და პაატა ქურდაძე ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენო. საიდანღაც გაჩნდნენ ადამიანები, აქტივისტები, რომელთაც ამის არ რცხვენიათ და აცხადებენ, ეს უნდა აიკრძალოსო. წერილიც კი შემოსულა არხზე, უნდა გამოვიკვლიოთ, ხომ არ არის ეს ანტიდასავლური კამპანიაო. თავისთავად საშიშია, ასეთი ადამიანები რომ გაგვიჩნდნენ, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას იმისთვის იყენებენ, რომ სხვა ადამიანებს თავისუფლება აუკრძალონ, აზროვნება აუკრძალონ. თუმცა, არანაკლებ შემაშფოთებელია, სტერილური სიბრიყვე. რომზე მეტი კათოლიკეები გახდნენ – საფრანგეთის ტელევიზიის მიერ გადაღებულ ფილმს დაეძგერნენ, ანტიდასავლური ფილმიაო. მე ჩემი ოჯახის ისტორია ვიცი, ქვეყნის ისტორიაც ვიცი. ქვეყანას პატარაზე ფეხი თუ გადაუბრუნდა და ასეთ ადამიანებს ძალაუფლება მიეცათ, საშინელებას დაატრიალებენ. პატარა ქვეყანა ვართ და გარედან თუ დაეხმარებიან, თავისუფლებას უცებ მოგუდავენ. „კომსომოლები“ 1921 წელს კი არ გაჩდნენ, უკვე არსებობდნენ, ზოგს თოხი ეკავა ხელში, ზოგს სხვა რამ, მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცათ, წავიდა „დანოსების“ წერა. იმ „დანოსების“ წერას და ძმა რომ ძმას რომ ასმენდა, ამას მხოლოდ ერთ სტალინს ვერ დააბრალებ. რასაკვირველია, გამოიყენა ეს ამბავი, მაგრამ „დანოსჩიკები“ რომ არ არსებობდნენ, არც სტალინი იქნებოდა საშიში, არც მიშა და არც გრიშა. თავის დროზე წიგნის წაკითხვის გამო საბჭოთა კავშირში ხალხს ციხეში სვამდნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც საშუალება თუ მიეცემათ, მაშინვე „ტროიკებს“ შექმნიან და ანტიდასავლურობის ბრალდებით პაატა ქურდაძეს უკან მიგვაყოლებენ. მაქსიმალურად უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ თავისუფლებას. თავისუფლად ცხოვრება არის თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა. იდეის მონობა არის ყველაზე საშიში ანტიდასავლურობა. ძალიან დაეჩვივნენ ადამიანების ხალხის მტრად გამოცხადებას. იცით, რას ნიშნავს ხალხის მტერი?! მორალურ მკვლელობას. ხალხის მტრის ბრალდებით დახვრიტეს ბაბუაჩემი. რატომ ვახსენებ ბაბუაჩემს, ეს ჩემმა ოჯახმა გაიარა და კარგად ვიცი – საქართველოს ბევრ ოჯახზე გაიარა იგივემ. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.