ვასილ მაღლაფერიძე - გარემოში, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება ჭანჭიკი, შემდეგ აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც ღირებულებებზე
ვასილ მაღლაფერიძე - გარემოში, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება ჭანჭიკი, შემდეგ აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც ღირებულებებზე

გარემოში, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება უბრალოდ ჭანჭიკი, შემდეგ აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც ფუნდამენტურ ღირებულებებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის ვითარება, როცა სოციალურ ქსელშიც უზარმაზარი აგრესიაა, მედიასაშუალებებში არ მიმდინარეობს დისკუსია კულტურულ საკითხებზე, სულიერი სიცარიელე კი პოლიტიკურ სიცარიელეს გამოიწვევს.

„კანონისადმი უპატივცემულობა, მე ვარ და ჩემი ნაბადი, გადავწყვიტე, რომ პოლიტიკური პარტია მაქვს და კანონს პატივს აღარ ვცემ, მინდა, მოვიპოვო ხელისუფლება არა პარტიული ბრძოლით, არამედ სულ ჩამოვშალო, რაც არის – ეს მომხდარა ხოლმე საქართველოს ისტორიაში. ეს არ იყო საუკეთესო წლები, როცა რომელიღაც ფეოდალი უცებ ჩათვლიდა, რომ ამა თუ იმ მიზეზით უნდა გასულიყო კანონის სივრციდან, წავიდოდა და კოშკი გამაგრდებოდა. ეს არასდროს წარსდგომია საქმეს, მაშინაც ხშირად კარიკატურულად გამოიყურებოდა და ტრაგიკულად მთავრდებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით ახლაც იმავეს ვხედავთ. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველაფერი დაუშვან და დაამკვიდრონ საკუთარი თავისთვის. ერთ-ერთი არის მეტყველება. ეს არა უცებ, არამედ ნელ-ნელა შემოვიდა. პირველად წამხედურობით და ვთქვათ, დიდი გოიმობითაც. გოიმობას რატომ ვამბობ, ისეთი თაობიდან მოვდივართ, როცა კადრებს ჭრიდნენ ტელევიზიიდან. პირველად რომ გავიდა რაღაც კადრები, ვამბობდით, რომ თავისუფლებაა. მახსოვს, როგორი ამბები იყო, როცა რეკლამა გავიდა – ვაა, ხედავ, რეკლამა გავიდა და რომ შეიგინა, უკვე მაგარი ადამიანი გახდა.

ახლა მიდის ისეთი პროცესი, ღვინო რომ დუღს – ამოტრიალებულია ყველაფერი. ფაქტობრივად, არის უზარმაზარი აგრესიის ნთხევა. ავიღოთ თუნდაც სოციალური ქსელი. ადამიანები განიმსჭვალენ, რომ ყველა არის მტერი. მიდის ჩვეულებრივი ლანძღვა-გინება, აბსოლუტური გადასწორება. რატომ? ასეთი გარემო თუ დამკვიდრდა, სადაც ღირსება არის აბსოლუტურად ნიველირებული, ყველაფერ ამას თუ უნდა შეეგუო, ადამიანი თანდათან კარგავს ფუნქციას და ხდება უბრალოდ ჭანჭიკი. შემდეგ აღარ არის საუბარი არც მამულზე, არც ენაზე, არც სამშობლოზე, არც არანაირ ფუნდამენტალურ ღირებულებაზე. რასაკვირველია, ყველაფერ ამისგან თავისუფალი და დაცლილი ადამიანი დიდ უპირატესობას იღებს. საწყენად არ ვამბობ, ბოლოს როდის იყო საუბარი, დისკუსია ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენს სივრცეში კულტურაზე ან რასაც უნდა ეფუძნებოდეს ინტელექტულური პატრიოტიზმი. სულიერი სიცარიელე გამოიწვევს პოლიტიკურ სიცარიელეს. ბევრი ადამიანი, რომელიც კოშკში ჩაკეტილ დღევანდელ პოლიტიკოსებს მიყვება, შეიძლება, გულწრფელია, აყვა ამ სიტუაციას, დაცარიელდა და ამ წუთიერით ცხოვრობს. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ამ თემებზეც არ მიდის საუბარი, თითქოს ეს მკრეხელობად ითვლება. მედიაკრიტიკაც ჩვენთან ფაქტობრივად არ არის, მიდი, მოსულა ყველაფერი. ადამიანმა თუ დაკარგა ყველა ზნეობრივი კრიტერიუმი, მაშინ მისგან დარჩება ძალიან საშინელი ცხოველი, რადგან ადამიანი თავისი არსით ძლიერი მტაცებელია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.