ვასილ მაღლაფერიძე - ძალიან დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ერეკლე მეორე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდებული პოლიტიკური მოღვაწე
ვასილ მაღლაფერიძე - ძალიან დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ერეკლე მეორე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდებული პოლიტიკური მოღვაწე

ერეკლე მეფემ და მამამისმა თეიმურაზმა შეძლეს და დაუბრუნეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, მოქცეული იყო ძალიან მძიმე, იდეოლოგიურად და სახელმწიფოებრივად, უცხო არტახებში​.

„ერეკლემ და მამამისმა თეიმურაზმა შეძლეს და დაუბრუნეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სწორედ ერეკლემ განსაზღვრა საქართველოს განვითარების ვექტორი, დასავლურ ვექტორს რომ ვამბობთ ახლა, რომლიდანაც ქვეყანას ფაქტობრივად აღარ გადაუხვევია, ეს არის მისი ძალიან დიდი დამსახურება. ჩვენ ძალიან დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ეს ერთ-ერთი დიდებული პოლიტიკური მოღვაწე საქართველოს ისტორიისა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

დღეს მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილე აღინიშნება. ერეკლე ბატონიშვილი 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში, „კახთ მეფეთა სასახლეში დაიბადა”. ერეკლე ბატონიშვილი თეიმურაზ მეორისა და თამარის უფროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი იწყებს მუშაობას დოკუმენტურ სერიალზე, რომელიც მეფე ერეკლეს მიეძღვნება. სურათი ექვს სერიად იქნება წარმოდგენილი. დოკუმენტური სერიალის იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, ხოლო სცენარის ავტორი აკა მორჩილაძე. სერიალი მეფე ერეკლეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.