ვასილ მაღლაფერიძე - დიდი თანაგრძნობით ვართ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობის, სამართლიანობის ბალანსით
ვასილ მაღლაფერიძე - დიდი თანაგრძნობით ვართ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობის, სამართლიანობის ბალანსით

დიდი თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ. საზოგადოებაც ვართ მსხვერპლი, ერთად მივედით ამ ვითარებამდე. ბევრი დადებითი მსმენია ამ ქალბატონზე. მოხდა ის, რაც მოხდა. საქართველოში, არ მგონია, იმაზე ვკამათობდეთ, ერთმანეთს სილები უნდა გავაწნათ თუ არა, არა მარტო პოლიციელს. ამავე დროს, როგორც ერთი ადამიანი, მთლიანობაში, ველოდები დიდ ჰუმანურობას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი არხის ყველა თანამშრომელი სოლიდარობის განწყობაზეა და სასურველია, საზოგადოება წავიდეს შერიგებისკენ, ერთმანეთის გაგებისკენ. 

„ნეტავ, პირველ არხს რამე შეეძლოს და საკითხის გადაჭრას ბანერის გადმოფენით და ჩვენი ლანძღვა-გინებით ეშველებოდეს. კი ბატონო, თუ ეს უშველის, მაგრამ მგონია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობისა და სამართლიანობის ბალანსის დონეზე. პირდაპირ ვთქვათ, ადამიანებს რა აწუხებთ, ერთი არის სამართლის სტანდარტი. ეს პოლიტიკური მიზნებისთვის კი არა, ჩვენი საერთო ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, არც სილა ვულაწუნოთ ერთმანეთს, არც საჭმელში ჩავუფურთხოთ და არც დედა ვაგინოთ. ამ თემაზე პირველი არხის დამუნათება ყველა იმ ადამიანის სინდისზე იყოს, ვინც ამას აკეთებს. მე ვფიქრობ, პირველი არხის ჟურნალისტები ძალიან ღირსეულად იქცევიან და ღირსეულად მოიქცევიან. პირველ არხს თუ ოდნავ რამე შესაძლებლობა აქვს, ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი.

პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ეს დიდი ტკივილია და უნდათ, ეს საკითხი გადაიჭრას ჰუმანურ საფუძველზე. თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ ჩვენ სილა არ უნდა გავარტყათ ერთმანეთს. ამ ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული. პირველ არხს რაც შეუძლია, თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებს, როგორც გაგვიკეთებია, მე რომ სულ არ ვიყო. ამას არც ბორდი სჭირდება და არც პარიტეტი. საბავშვო ბაღში არ ვართ, რომ ჩვენ ვინმე დავარიგოთ. არ სჭირდება, იმიტომ არის ძირითადი კოლექტივი აქ ერთად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საქმის მოგვარებისთვის არ არის აუცილებელი ტემპერატურის აწევა.

„იმედი ვიქონიოთ, რომ მთლიანობაში ჩვენში ჰუმანიზმი ძლევს და დავუბრუნდებით ადამიანურ საწყისებს, რომელსაც ჩვენ ოდნავ გადავუხვიეთ. ჩვენ დროზე გვჭირდება ადამიანურ საწყისებთან დაბრუნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.