ვასილ მაღლაფერიძე - არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი არის მოსახლეობა, რომელიც პოლიტიკური სიმწიფით ბევრად წინ არის, ვიდრე პოლიტიკური პარტიები
ვფიქრობ, არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის, რადგან საბოლოო ჯამში პარტიები არ ქმნიან ამ თვალსაზრისით კლიმატს, ადამიანების განწყობა ქმნის , – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილოლოგმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, რადგან მთავარი დამკვირვებელი არის მოსახლეობა და მისი განწყობა.
„ადამიანებს აქვთ პრობლემები, მაგრამ თუ ამ პრობლემების უშუალო გამღიზიანებელს ვერ ხედავენ, არავინ ატერორებს, ციხით არ ემუქრება, ბიზნესს არავინ ართმევს, ვერ დაარწმუნებ, რომ ზოგადად ასეა. ამას მე უნდა განვიცდიდე, ჩემი მეზობელი უნდა განიცდიდეს, ჩემს ახლობელს, ნათესავს უნდა იჭერდნენ. ქვეყანაში ამ ტიპის გამღიზიანებლები არ არის და როგორი გამოკითხვებიც უნდა ჩატარდეს ან რა სურვილიც უნდა გვქონდეს, ვფიქრობ, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, რადგან მთავარი დამკვირვებელი არის მოსახლეობა, მისი განწყობა. ამას ვერც მედია შეცვლის. მედიას შეუძლია, რაღაც ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ მედიამაც არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ყოვლის შემძლეა“,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.
როგორც მან განაცხადა, მოსახლეობა ბევრად წინ არის პოლიტიკური სიმწიფით, ვიდრე პოლიტიკური პარტიები.
„ეს იქნება გარკვეულწილად მრავალპარტიული პარლამენტი, ასე ნელა-ნელა, წვალებით, პარტიული კულტურაც შემოვა, თანდათან ლექსიკაც დაიხვეწება. თითქოს წარსულიდან მოდიან ეს პოლიტიკოსები, ყველა ჩვენ თვალწინ იყვნენ, გაიზარდნენ, მაგრამ ეს ლექსიკა აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს – გადავამტვრევ, გადავალეწავ. პატარა ქვეყანაა, ყველას ყველაფერი გვახსოვს. ან რატომ უნდა გადაალეწო, რისი გადამლეწავი ხარ ან რა გადაგილეწია, რისთვის მიგიღწევია. ეს თანდათან უნდა დალაგდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ კულტურას, იმის მაგივრად, რომ იყოს საქმიანი, პროგრამული ან სერიოზული შეკითხვები, თითქოს იმაზე მიდის შეჯიბრი, ვინ ვის მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს. ეს კარგავს ნორმალურ, პოლიტიკურ გარემოს. ეს უნდა შეიცვალოს თანდათან და იმედი მაქვს, რომ გამოვა, თაობაც შეიცვლება. მაპატიონ, მესმის მათიც, მაგრამ დიდხანს შემორჩნენ ერთი და იგივე პარტიული სახეები და მათგან სიახლეც აღარ არის. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მოსახლეობა პოლიტიკური სიმწიფით ბევრად წინ არის, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ასე რომ, ეს არჩევნები ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდება, გააკეთებს მოსახლეობა არჩევანს და თავად დააკვირდება არჩევნებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.