ვასილ მაღლაფერიძე - არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ამ ხელისუფლებას აწევს ამის პასუხისმგებლობა და ეს ბოლომდე უნდა დაიცვას
ვასილ მაღლაფერიძე - არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ამ ხელისუფლებას აწევს ამის პასუხისმგებლობა და ეს ბოლომდე უნდა დაიცვას

არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ხელისუფლებას აწევს ამის პასუხისმგებლობა და მან ეს ბოლომდე უნდა დაიცვას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ერთმნიშვნელოვნად არსებობს საშინაო მდგენელი, რომ რაღაც ჯგუფს უნდა ხელისუფლების მოპოვება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობის მხარდაჭერა მალევე აღარ ჰქონდა თავისი ქმედებების გამო და ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა, იძულებული იყო, განუწყვეტლივ მოეჭირა ჭახრაკებისთვის. უმცირესობა სხვანაირად ვერ იბატონებს უმრავლესობაზე, უნდა იძალადოს, სხვა გზა არ აქვს. ბოლშევიკები და ამ ტიპის რეჟიმები სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა. აბა სხვაგვარად როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში უმცირესობამ ძალაუფლება, თუ არა არეულობით და ტყუილებით, როცა მას ხალხი მხარს არ უჭერს. პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ყველას ვიცნობთ. გარკვეულ პოლიტიკოსს შეუძლია განუწყვეტლივ სხვებს აბრალოს რუსეთთან კავშირი და ამ დროს ყველა ვუყურებდით „პოდრუჩკით“ რომ დადიოდა პუტინთან ერთად. მისი და სხვების გამონათქვამებიც გვახსოვს, დღეს კი გამოდიან და სხვებს აბრალებენ ამას. ანდა, ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეული იყვნენ სადიზმში, სადისტურ ქმედებებში და ადამიანების გამწარებაში, დღეს ამბობენ, რომ ეს იყო გადაცდომა და შეცდომა. გვეუბნებიან, რომ ჩვენ შეცდომებზე და გადაცდომებზე ვისწავლეთ და ახლა თავიდან უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაშიო. ჩვენ იოლად ვიტყვით ხოლმე, სავლე ხომ იქცა პავლედო. სავლე რომ პავლედ იქცა, ის ამის მერე და ამის გამო ეწამა, ფორმა კი არ გამოიცვალა და ახლა სხვების წამება კი არ განაგრძო. ყველას გვახსოვს ამათი გამონათქვამები – თავებს გაგიხეთქავთ, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში, სულს ამოგხდით და ასეთი უამრავი. განათლების მინისტრი მასწავლებლებს ემუქრებოდა, თქვენს სისხლს დავლევო და ასეთებს მხოლოდ კი არ ამბობდნენ, აკეთებდნენ კიდეც. და მაინც, გვინდა თუ არ გვინდა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ მოუცია ღმერთს იმის უფლება, რომ ერთმანეთის მიმართ რადიკალური ღონისძიებები გავატაროთ. ამიტომ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ დიალოგისთვის. დღეს პრემიერმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვისაც და დათმობებისთვისაც, მაგრამ არა სახელმწიფოს დათმობისთვის. ვერც ერთი ნაბიჯი უკან ვერ გადაიდგმება, როცა საქმე სახელმწიფოს არსებობას შეეხება. ჩვენ თუ გადავდგით უკან ნაბიჯი, ეს შეიძლება მოეწონოს რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ქვეყანა ღმერთმა ჩვენ მოგვცა და მისი მოვლა ჩვენი ვალდებულებაა. თუნდაც ეს არავის მოეწონოს, მაინც ვერ დავთმობთ ჩვენს სახელმწიფოს. მაგიდას რომ ერთ ფეხს მოახერხავ, ვითომდა კომპრომისის გამო, ის დაემხობა და იმ სამ ფეხს აზრი აღარ აქვს. ბარიერი ნულოვანი იქნება, თუ ერთპროცენტიანი, ამაზე უნდა მოხდეს შეთანხმება. პოლიტიკურ ბრძოლაში ზოგი მემარცხენე იქნება, ზოგი მემარჯვენე, ამაზეც ვიდაოთ, მაგრამ დაუშვებელია რაიმე ნაბიჯი გადაიდგას სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, „ახლა არის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ დღეს ვიცავთ იმ ქვაკუთხედს, რამაც მოგვიტანა აქამდე და რამაც მომავალში უნდა დაგვიცვას და გვაცხოვროს“.