ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ
ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში დევნილები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და შენობას არ დატოვებენ. მათი თქმით, ოთხსართულიან შენობაში 60-მდე ოჯახი შევიდა.

მათივე განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათი ბინით დაკმაყოფილება არ მომხდარა.

როგორც იქ მყოფი ოჯახები აცხადებენ, ადგილზე მათთან იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუმცა დევნილები ამბობენ, რომ მასთან მოლაპარაკება ვერ შედგა.

„მარტოხელა დედა ვარ, უსახლკარო. ორ თვე ნახევრის ბავშვი მყავს, არ მაქვს თავშესაფარი. ბევრი ღამე ქუჩაშიც გამითენებია ჩემს შვილთან ერთად. ვიპოვე ეს შენობა და შემოვედი. აქედან გასვლას არ ვაპირებ, ქუჩაში ყოფნას მირჩევნია, აქ ვიყო“, – განაცხადა ნინო ანდრონიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი