ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება
ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება

ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელს მიანიჭებენ. შესაბამის კანონპროექტს აშშ-ის დედაქალაქის საქალაქო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამგვარად, დღეიდან მოედანს ორი მისამართი აქვს: ოფიციალური – ვისკონსინ-ავენიუ და ცერემონიალური – ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი. შესაბამის წარწერებს პოლიტიკოსის გარდაცვალების დღეს, 27 თებერვალს გააკეთებენ. მოედანზე ოთხ შესაბამის აბრას განათავსებენ, თითოეულზე მოედნის ორივე მისამართი იქნება აღნიშნული.


რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭების იდეის ინიციატორები აშშ-ის სენატში თავდაპირველად “რესპუბლიკელი” მარკ რუბიო და “დემოკრატი” კრისტოფერ კუნსი იყვნენ. შესაბამის კანონპროექტს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტზე უყარეს კენჭი, თუმცა მისი დამტკიცება მაშინ ვერ მოხერხდა.


ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი