ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება
ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება

ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები კი, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავის ფესტივალს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“ მოიცავს.

ფორუმის დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც  ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას ეძღვნება. კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართება, მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას.

„საფერავის ფესტივალს“, რომელსაც აშშ-ში საქართველოს საელჩო მასპინძლობდა, 400-მდე სტუმარი დაესწრო – ღვინის პროფესიონალები, ასევე ღვინის იმპორტიორები და სხვადასხვა რესტორნებისა და მაღაზიების ქსელების წარმომადგენლები.

„საფერავის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების წარმოებული სხვადასხვა სტილის 25 საფერავის ღვინო.
„ქართული ღვინის ფორუმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.