ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაერო-ს 76-ე ასამბლეის გახსნით სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა. მხარეებმა კლიმატური ცვლილებების და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მისი თქმით, ბრექსიტის შემდეგ აღნიშნულ სავაჭრო შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აშშ-მა რამდენიმე ბრიტანულ პროდუქციაზე შეზღუდვები მოხსნა.

ბაიდენის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება დიდ ბრიტანეთში ვიზიტს, რათა მონაწილეობა მიიღოს გაერო-ს მიერ გლობალური დათბობის შესახებ გლაზგოში დაგეგმილ კონფერენციაში. გლაზგოში დაგეგმილი კონფერენციას ექსპერტთა აზრით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლიმატური ცვლილებების და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრა წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით აშშ-სა და საფრანგეთს და ევროკავშირს შორის არსებული დავის ფონზე გაიმართა, რომელშიც ბრიტანეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის დადებული წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმება, საფრანგეთის გვერდის ავლით მოხდა, რის გამოც პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩები გამოიწვია.

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ „აუკუსის“ შეთანხმება მსოფლიოს მიმართ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებების გამოხატულებაა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით. მხარეებმა ავღანეთის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატიური და ჰუმანიტარული ინსტრუმენტების გამოყენება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთვარობის საერთაშორისო აღიარება კოორდინირებული და დამოკიდებული უნდა იყოს მათ მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე.