ვაშინგტონსა და ლონდონს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების მიღება არ სურთ
ვაშინგტონსა და ლონდონს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების მიღება არ სურთ

ვაშინგტონსა და ლონდონს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების მიღება არ სურთ, – როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, აშშ სირიელი ტყვე ქალისა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მეუღლის მიღებაზე უარს აცხადებს.

თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტშიც განაცხადეს, რომ ალბანელ ქალს ჰოდი მუტანას აშშ-ის პასპორტი და ვიზა არ აქვს და ის აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევა.
მუტანას ადვოკატმა აშშ-ის ხელისუფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალისთვის აშშ-ის მოქალაქეობის ჩამორთმევის მცდელობაში დასდო ბრალი.

24 წლის ქალი, რომელიც ალაბამაში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ გადავიდა სირიაში საცხოვრებლად. ახლა ის აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობს და სამშობლოში დაბრუნება სურს.

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი კიდევ ერთი ქალის მიღებაზე უარს ამბობს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას. საუბარია 19 წლის შამინა ბეგუმზე, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს, რაც უსამართლობაა.

ლონდონში აცხადებენ, რომ ქალს ბანგლადეშის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს, რადგან ის წარმოშობით ამ ქვეყნიდანაა. როგორც ცნობილია, ბეგუმი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და მას არასდროს მოუთხოვია ორმაგი მოქალაქეობა. შამინამ 2015 წელს დატოვა დიდი ბრიტანეთი და სირიაში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ მან ქურთულ ბანაკში ბავშვი გააჩინა, რის შემდეგაც მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გამოიჩინოს გულისხმიერება და შვილის სამშობლოში გაზრდის საშუალება მისცეს.

ამასთან, შამინა დღემდე არ ნანობს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, სირიაში ამერიკელების მიერ დატყვევებული „ისლამური სახელმწიფოს“ 800-ი მებრძოლი  ევროპაში მიიღონ და გაასამართლონ.