„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემას განიხილავს
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემას განიხილავს

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შორ მანძლზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების – „ტომაჰავკების“ გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, ამ თემაზე მსჯელობა 11 ივლისს გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე ეს რაკეტები არ არის შეყვანილი იმ შეირაღების ნუსხაში, რომლის გადაცემაც კიევისთვის იგეგმება.

ამასთან ერთად, გამოცემის ცნობით, კიევი აშშ-ისგან, დიდი ალბათობით, მიიღებს ნებართვას, რომლის მიხედვითაც, სამხედროები შეძლებენ უკრაინის მარაგში არსებული 18 ერთეული „ატაკამსის“ ტიპის რაკეტის სრული შესაძლებელობით გამოყენებას. ამ რაკეტის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია და ის მიაღწევს როგორც მოსკოვს და სანკტ-პეტერბურგს, ასევე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს და იარაღის საწყობებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპს შეუძლია, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების კიევისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღოს, თუ ვაშინგტონს მოსკოვზე ზემოქმედებისთვის დამატებითი ბერკეტების მიღება დასჭირდება.

პუბლიკაციის ავტორი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტს, რატომ არ განახორციელა უკრაინამ დარტყმა მოსკოვზე, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვცემთ“. წყაროს ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ მეტი ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე და არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სანკტ-პეტერბურგზეც.