„ვაშინგტონ პოსტი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა
„ვაშინგტონ პოსტი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სთხოვა, – როგორც გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბოლო სატელეფონო საუბრის დროს მიმართა.

ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, საუბრისას ბაიდენს კონკრეტული ქმედებების შესახებ პასუხი არ გაუცია, თუმცა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ მზად არის, განიხილოს სხვადასხვა წინადადება მოსკოვზე მეტი ზეწოლის განსახორციელებლად.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დასახელება ყველაზე ძლიერი და შორს მიმავალი სანქციებია აშშ-ის არსენალში.

გამოცემა წერს, რომ ასეთ ზომას შეიძლება, სხვადასხვა შედეგი ჰქონდეს, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესება ათეულობით სხვა ქვეყანაზე, რომლებიც აგრძელებენ რუსეთთან ბიზნესის წარმოებას, აშშ-ში მოსკოვის აქტივების, მათ შორის უძრავი ქონების გაყინვა და ორმაგი დანიშნულების სხვადასხვა სახის ექსპორტის აკრძალვა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ვაშინგტონი თავს იკავებდა საბჭოთა კავშირის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა ჯგუფებს, რომლებიც 1970-1980-იან წლებში ტერორისტებად ითვლებოდნენ.