„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინაში დასავლური წარმოების არტილერიის შეტანა რუსეთთან ომის მიმდინარეობას შეცვლის
„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინაში დასავლური წარმოების არტილერიის შეტანა რუსეთთან ომის მიმდინარეობას შეცვლის

უკრაინაში დასავლური წარმოების არტილერიის შეტანა რუსეთთან ომის მიმდინარეობას შეცვლის და შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემა ორივე მხარეზე დიდ გავლენას მოახდენს, – ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკელი ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების პროგნოზზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედია წერს, ფართომასშტაბიანი საარტილერიო ბრძოლები მოჰყვება რუსეთის წარუმატებელ მცდელობებს, სწრაფად დაეპყრო უკრაინის ძირითადი დასახლებული ცენტრები, მათ შორის დედაქალაქი კიევი. მათივე ცნობით, აღნიშნული ხდება იმ ფონზე, რომ ოფიციალური კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები დონბასის რეგიონში მოსალოდნელი ახალი სამხედრო კამპანიისთვის ემზადებიან. მედია იუწყება, რომ იქ მოსალოდნელ კონფლიქტში გამოყენებული იქნება შორი დისტანციის ქვემეხები, რომლებიც რუსული არსენალის ცენტრალური ნაწილია და ამ ტიპის იარაღი უკვე იქნა გამოყენებული დამანგრეველი ეფექტის მისაღებად ისეთ ადგილებში, როგორიც არის უკრაინის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ხუთშაბათს პენტაგონში კანადელ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შორ მანძილზე მოქმედი არტილერია ომის მომდევნო ეტაპზე გადამწყვეტი იქნება.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედება, რომელიც კანადასთან ერთად, ახდენს უკრაინელი სამხედროების გადამზადებას, თუ როგორ მართონ და გამოიყენონ ათობით ერთეული 155 მმ-იანი „ჰაუბიცები“, ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა დასავლური წარმოების მეტ არტილერიას მიიღებს.

„უკრაინისთვის გადასაცემი ამერიკული და კანადური წარმოების ბუქსირებადი „ჰაუბიცები“, ასევე ფრანგული წარმოების თვითმავალი ე.წ. კეისრის „ჰაუბიცები“ 155 მმ-იან ფეთქებად ჭურვებს იყენებს. მხოლოდ შეერთებული შტატები პრეზიდენტ ზელენსკის 190 000-მდე ჭურვსა და 90 ერთეულ „ჰაუბიცას“ უკვე დაჰპირდა. ამჟამინდელი მოცემულობით, ამ არსენალის ნახევარზე მეტი უკვე ჩავიდა უკრაინაში“, – წერს მედია.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კაპიტოლიუმში გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებით 33 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შეთავაზებული დახმარება მოიცავს უფრო დიდი კალიბრის შორი მოქმედების არტილერიას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ სისტემაზეა საუბარი.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, სხვა მოკავშირეებს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და შვედეთსაც, აგრეთვე შეუძლიათ არტილერიის გაგზავნა.

„დღემდე, უკრაინა და რუსეთი საარტილერიო ცეცხლს აწარმოებენ შორი მოქმედების 300 მმ-იანი „სმერჩის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო-გამშვები სისტემებით, რომელსაც სროლის მანძილი 90 კილომეტრამდე აქვს, ასევე შედარებით მოძველებული, 1960-იან წლებში წარმოებული 122 მმ-იანი „ჰაუბიცებით“, – წერს მედია.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, დასავლური წარმოების სხვადასხვა საარტილერიო იარაღის ჩართვა სავარაუდოდ ორივე მხარის ტაქტიკურ ცვლილებას დააჩქარებს. ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის უნარი, მიზანში ამოიღოს რუსული საარტილერიო დანაყოფები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კრემლის უკვე დემონსტრირებული მზადყოფნაა, შეიჭრას ქალაქებსა და დასახლებებში, გაანადგუროს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და ინფრასტრუქტურა.

აშშ-ის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სკოტ ბოსტონის მოსაზრებით, მეტი უკრაინული საარტილერიო დანაყოფის არსებობა, საპასუხო ცეცხლის წარმოებით, ხელს შეუშლის რუსეთის შესაძლებლობებს, შეტევითი ოპერაციები აწარმოოს დასახლებების მიმართულებით.

„ცნობილია, რომ საარტილერიო დანაყოფები ხშირად გარემოსთან ადაპტირებულია, შენიღბულია, ან იყენებს კამუფლირებას, ამიტომ მათ აღმოსაჩენად საჭიროა დაზვერვა, უპილოტო საფრენი აპარატები და რადარების გამოყენება. შესაბამისად, დასავლეთი უკრაინას ამარაგებს უპილოტო საფრენი აპარატებითა და საარტილერიო ბატარეების აღმოსაჩენი რადარებით“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.