„ვაშინგტონ პოსტი“ - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი რუსული სოფლების ოკუპირებისა და ნავთობის მილსადენის დაბომბვის ინიციატივით გამოდის, რათა მოსკოვზე გავლენა მოიპოვოს
„ვაშინგტონ პოსტი“ - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი რუსული სოფლების ოკუპირებისა და ნავთობის მილსადენის დაბომბვის ინიციატივით გამოდის, რათა მოსკოვზე გავლენა მოიპოვოს

უკრაინის პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა რუსული სოფლების ოკუპირებისა და ნავთობის მილსადენის დაბომბვის ინიციატივით გამოდის, რათა მოსკოვზე გავლენა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ საუბარია აშშ-ის დაზვერვის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, სადაც დეტალურად არის აღწერილი ზელენსკის კომუნიკაციები თავის მაღალჩინოსან თანაშემწეებსა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ინფორმაცია ციფრული შეტყობინებების ფარული მონიტორინგის დროს არის მოპოვებული. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ პენტაგონს ამ მასალების ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

მასალის მიხედვით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზელენსკი ზღუდავს თავისი დაქვემდებარებულების ამბიციებს, ზოგიერთს კი რისკიან საომარ მოქმედებებს სთავაზობს.

„ასე, მაგალითად, ერთ-ერთი გრიფით საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, იანვრის მიწურულს ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, „დარტყმები მიეყენებინათ რუსეთისთვის“, ამავდროულად გადაესროლათ უკრაინის სახმელეთო ძალები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, რათა „დაეკავებინათ დაუზუსტებელი რუსული სასაზღვრო ქალაქები“. მიზანი იქნებოდა „კიევისთვის ბერკეტის მიცემა მოსკოვთან მოლაპარაკებებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალის მიხედვით, კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელიც თებერვლის მიწურულს ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის შედგა, ზელენსკიმ „შეშფოთება გამოთქვა“, რომ „უკრაინას არ აქვს შორი რადიუსის რაკეტები, რომელთაც რუსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგებამდე მიღწევა შეუძლია და არც სხვა საშუალება, რომლითაც თავს დაესხმებოდა მათ“, რის შემდეგაც ზელენსკიმ „გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა თავს დასხმოდა დაუზუსტებელი დისლოკაციის ადგილებს როსტოვში“.

„თებერვლის შუა რიცხვებში ვიცე-პრემიერ იულია სვრიდენკოსთან გამოთქვა მოსაზრება, „აეფეთქებინათ“ საბჭოთა დროინდელი ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც მოსკოვი უნგრეთს ნავთობს აწვდის. „ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა ააფეთქოს მილსადენი და გაანადგუროს, სავარაუდოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინდუსტრია, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, საუბრის აღწერისას დაზვერვის ოფიცრები აღიარებენ, რომ ზელენსკი „გამოხატავდა განრისხებას უნგრეთის მიმართ და, შესაბამისად, შეეძლო, გაეკეთებინა გადაჭარბებული, აზრსმოკლებული მუქარები“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ „ფანტაზიები“ უწოდა აშშ-ის საიდუმლო მასალებს, თუმცა განაცხადა, რომ გააჩნია უფლება, გამოიყენოს არატრადიციული ტაქტიკა საკუთარი ქვეყნის დაცვისას.

„უკრაინას გააჩნია სრული უფლება, დაიცვას თავი და ჩვენ ამას ვაკეთებთ. უკრაინას არ განუხორციელებია ვინმეს ოკუპაცია, არამედ პირიქით, როდესაც ამდენი ადამიანი დაიღუპა და მასობრივი სამარხებია, ჩვენი ხალხი წამებას განიცდის, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ხრიკი“.

„ვაშინგტონ პოსტის“ კითხვაზე, რომ დაზვერვის მონაცემებში მინიშნებებია, თითქოს ის განიხილავდა შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთზე დარტყმის მიყენებას, ზელენსკი ამბობს, რომ ეს არ არის ის, რითიც უკრაინა ერთობა.

„ჩვენს ქვეყანაში არავის გაუცია განკარგულება რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის ან დარტყმებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „დღემდე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ დასავლური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მისაყენებლად გამოიყენა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით საბრძოლო დრონებზე“.