„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ.

ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად.

ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა საუბრის გამართვასთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, დიდი ხანია, უკრაინელ მოხელეებს ესმით, რომ ტრამპი პუტინთან უკრაინის დიპლომატიურ გადაწყვეტას განიხილავდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების ნაწილს.