„ვაშინგტონ პოსტი“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის მთავარი ინფორმატორის შესახებ ცნობებს ავრცელებს
„ვაშინგტონ პოსტი“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის მთავარი ინფორმატორის შესახებ ცნობებს ავრცელებს

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობისა და მის შესახებ სხვადასხვა ცნობის გადაცემისთვის, ინფორმატორს აშშ 25 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ინფორმატორი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში დაჯგუფების ლიდერის გადაადგილებას და სხვადასხვა ადგილში მის თავშესაფარს უზრუნველყოფდა. ის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

როგორც ცნობილი ხდება, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ინფორმატორს იმდენად ენდობოდა, რომ საკუთარ ოჯახის წევრებს სამედიცინო შემოწმების დროს სწორედ მასთან ერთად უშვებდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის დადგენა და მის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება სწორედ აღნიშნული ინფორმატორის მიერ მოპოვებული ცნობებით მოხერხდა. როგორ ცნობილია, მან ამერიკულ დაზვერვას არა მხოლოდ ადგილმდებარეობის შესახებ ცნობები, არამედ იმ სახლის დეტალური გეგმა გადასცა, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი იმყოფებოდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, აშშ-ის ინფორმატორი ოპერაციის წარმოების დროს აღნიშნულ სახლში თავად იმყოფებოდა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ორ დღეში ის ოჯახთან ერთად სირიიდან გაიყვანეს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ინფორმატორი ახლა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესახებ ცნობების მიწოდებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ ჯილდოს, 25 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმატორი ასე მხოლოდ თანხის გამო არ მოქცეულა. როგორც ცნობილი ხდება, მისი ნათესავები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლები გახდნენ.

ამერიკული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემასთან ერთად, ინფორმატორმა ამერიკულ დაზვერვას სხვა მნიშვნელოვანი ცნობებიც გადასცა. მაგალითად ის, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ყოველთვის შაჰიდის ქამრით გადაადგილდებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი აეფეთქებინა.

„ვაშინგტონ პოსტი“ ინფორმატორის მოქალაქეობას და ეთნიკურ ჯგუფს არ ასახელებს, თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ ის „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებთან კონტაქტობდა, ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი კი აცხადებს, რომ ის სუნიტი არაბია.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ინფორმატორის შესახებ ცნობები ვაშინგტონში ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს, თუმცა თვეების განმავლობაში მისი შემოწმება მიმდინარეობდა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ამერიკული დაზვერვის ასეთი სიფრთხილე, 2009 წელს მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერ ბინ ლადენის შესახებ ცნობების გადაცემის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის დროს ინფორმატორმა თავი აიფეთქა. თუმცა, ამ შემთხვევაში ინფორმატორის ცნობებმა რეალური წონა ერთი თვის წინ მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ვაშინგტონში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვა დაიწყო.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში, იდლიბის პროვინციაში 26 ოქტომბერს ჩატარდა. მასში აშშ-ის არმიის ელიტური ქვედანაყოფი „დელტა“ და რეინჯერების 75-ე პოლკი მონაწილეობდა.