„ვაშინგტონ ეგზამინერი“ აქვეყნებს თამარ ჩუგოშვილის სტატიას - „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“
„ვაშინგტონ ეგზამინერი“ აქვეყნებს თამარ ჩუგოშვილის სტატიას - „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“

„ვაშინგტონ ეგზამინერი“ (Washington Examiner) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატიას აქვეყნებს.

პუბლიკაციაში სახელწოდებით – „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამავე გამოცემის ერთ-ერთ ავტორს, ტომ როგანს პასუხობს, რომელმაც საქართველოს შესახებ სტატია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

ჩუგოშვილის თქმით, ტომ როგანი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ტრამპი უნდა ეწვიოს საქართველოს, თუმცა ზოგიერთი მისი შეფასება მცდარია, რადგან ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დისკუსიას ეფუძნება.

„ტომ როგანი მართალია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აუცილებლად უნდა ეწვიოს საქართველოს და ის მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოში თბილად მიიღებენ. თუმცა, ამავე დროს, ტრამპი ვერ აღმოაჩენს იმას, რასაც როგანი ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთს „აქვს ახალი შესაძლებლობის შეგრძნება“, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს. მისი ეს შეფასება მცდარია. ის ეფუძნება როგანის დისკუსიას ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, რომლის პარტიაც 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და თავისუფლებისა და დემოკრატიის დამახინჯების გამო“, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველო არის ძლიერი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელიც დასავლეთისკენ ისწრაფვის, ხოლო ოპოზიციის მტკიცება, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა იზრდება „ფაქტებს მოკლებული და არალოგიკურია“.

როგანს გამორჩა ის რომ, ტრამპი საქართველოში აღმოაჩენს ძლიერ, რეფორმებზე ორიენტირებულ და განვითარებად საქართველოს. ის აღმოაჩენს ჯარისკაცებს, რომლებიც ამერიკელებთან მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. მას გაახარებდა საქართველოს მზარდი და აყვავებული საინვესტიციო კლიმატი, ის კმაყოფილი დარჩება საქართველოს უმაღლესი მაჩვენებლებით თითქმის ყველა გლობალურ რეიტინგში, რაც ბიზნესისთვის კეთილგანწყობილ გარემოსა და დემოკრატიულ ღიაობას აღნიშნავს. და, რა თქმა უნდა, ის აღმოაჩენს ამ ქვეყნის სილამაზეს და სტუმართმოყვარეობას, რის გამოც ყველა წამყვანმა გამოცემამ, საქართველო, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებების ნუსხაში შეიყვანა. საქართველოს მთავრობამ აწარმოა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მთელ მსოფლიოსთან, ის არის ნატო-ს წევრობის კანდიდატი და ხელმოწერილი აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. ამ ფონზე ოპოზიციის მთავარი სალაპარაკო თემა (რომელიც არ შეცვლილა, მას შემდეგ რაც მათ ძალაუფლება დაკარგეს) არის ის,  რომ რუსეთი რაღაცნაირად წარმატებას აღწევს საქართველოში. ამას არც ფაქტობრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ აქვს. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, რომლის უმრავლესობაც 2008 წელს დაიკავა, როდესაც დღევანდელი ოპოზიცია იყო მთავრობაში. ეს თემა უმთავრესია ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენი დისკუსიის დროს. საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიისწრაფოდა, რომ წარმომადგენლთა პალატას მიეღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც კონგრესში გასულ კვირაში დაამტკიცეს. ამ აქტით პრიორიტეტი ენიჭება აშშ-ის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროში. ამ დოკუმენტში არის მოწოდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ და შეფასებულია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და დასახელებულია კერძოდ რუსეთი. ვაფასებთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ორპარტიულ მხარდაჭერას და ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ველოდებით, რომ ამ აქტს სენატიც დაამტკიცებს. ქართველები აცნობიერებენ, რომ ერთადერთი წარმატებული პოლიტიკა არის პრაგმატული პოლიტიკა, რაც დასავლეთთან დაახლოებასთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას მოიცავს. აშშ ამ სტრატეგიის მტკიცე მხარდამჭერი იყო, რისთვისაც მადლიერები ვართ“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

ტომ როგანის სტატია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გამოეხმაურა, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

პუბლიკაციაში „ვაშინგტონ ეგზამინერის“ ავტორი წერს, რომ ის ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას.

როგანის თქმით, ბოკერია და მისი კოლეგები მადლიერები არიან ტრამპის განგრძობადი მხარდამჭერის გამო, თუმცა ამავე დროს ვლადიმერ პუტინის რუსეთის მზარდ გამოწვევებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს ავიწროებს.

„როგორც ჩანს, ნაწილობრივ ეს გამოწვეულია საქართველოში რუსეთის განახლებული შესაძლებლობების შეგრძნებით. ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ კულუარებიდან მართული საქართველოს მთავრობა თვალს ხუჭავს რუსეთის აგრესიაზე. პუტინს სჯერა, რომ ზეწოლის გაზრდის გზით, ამ მთავრობისგან მას მეტის მიღება შეუძლია“, – ნათქვამია როგანის სტატიაში.

ამის გათვალისწინებთ, „ვაშინგტონ ეგზამინერის“ ავტორი მოუწოდებს ტრამპს, ჩავიდეს საქართველოში, რაც ნათელი გზავნილი იქნება, რომ „თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანია“.